გახსოვს, ბოლოს როდის შეამჩნიე, რა საოცრად გიყვება სამყაროს ამბავს გულყვითელა ჩიტი შენს ფანჯარასთან…

geoinformer

image

Loading...

11 მაისიდან „ბიბლიის განმარტებების“ მეცხრე ტომს შეიძენთ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. ამ ტომში არის განმარტებები წიგნებისა: იგავნი სოლომონისა, ეკლესიასტე, ქებათა-ქება სოლომონისა, სიბრძნე სოლომონისა.
გთავაზობთ პროექტის ავტორისა და მთავარი რედაქტორის – თამარ მამაცაშვილის ბლოგს:
არის ასეთი წიგნი ბიბლიაში “ეკლესიასტე”, რომლის ავტორადაც მეფე სოლომონია მიჩნეული. ყველას გვსმენია ფრაზა: “ამაოება ამაოებათა ყოველივე ამაოა” – ასე იწყებს ეკლესიასტე მსჯელობას წარმავალი ამქვეყნიური ყოფის უაზრობაზე. ავტორი ხაზგასმით ამბობს, რომ ადამიანს ბედნიერებას არ ანიჭებს არც დიდძალი სიმდიდრე, არც ხორციელი ვნებები. და როცა მწიფდება აზრი: მაშ როგორ ვიცხოვროთ, რისთვის ვიღვაწოთ? – წიგნის ეპილოგში სოლომონი ბედნიერად ცხოვრების პირობებს გვთავაზობს:

ნუ დაიმძიმებთ ყოფას დიდძალი ქონების მოხვეჭის სურვილით და დაკმაყოფილდით იმით, რასაც უფალი გაძლევთ!
აკეთეთ სიკეთე!
დატკბით ცხოვრებით, მაგრამ ჯანსაღად, ღვთისთვის სათნო საქმეების აღსრულებით!
მიენდეთ უფალს! მზიან, სიკეთით გამთბარ, ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ ყველას.
***
სხვის უბედურებაზე საკუთარის აგება რომ არ შეიძლება, სხვისი სიმშვიდის დარღვევით ჩვენსას რომ ვერ მოვიპოვებთ, ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ არის ეს საკმარისი? სხვას რომ არაფერს დავუშავებ, ვარ კი მე ადამიანი? ჩემთვის რომ ვიქნები და შენ – შენთვის, რა გამოვა ამით? სხვისი ბედნიერებისთვის, სხვისი სიმშვიდისთვის, საკუთარის დათმობა თუ შემიძლია, აი მაშინ მაქვს ცხელი გული, მაშინ გაცოცხლებულა ჩემში სიყვარული… ადამიანად ყოფნა ყოველდღიური გმირობაა, ყოველდღიური კი არა, ყოველწამიერი…
ჩემი ფიქრი და გონება საჩემოდ თუ არ იქნება მომართული, შენზე ფიქრს თუ შევძლებ, შენი ტკივილის გათავისებას, შენი თვალებით თუ დავინახავ შენსავე საწუხარს – აი, მაშინ მერქმევა ადამიანი…
ჩვენ კი… ეჰ, ჩვენ კი…
მე ასე მინდა… ჩემთვის ასეა უკეთესი… მთავარია, მე ვიყო კარგად – ეს არის ჩვენი მოქმედების საზომი და ათვლის წერტილი… მერე კი გვიკვირს, რატომ ვერ ვპოულობთ სიმშვიდეს და ბედნიერებას…
გული გვაქვს ცივი… უსიყვარულო… უღმერთოდ ვცხოვრობთ…
ერთმანეთისთვის სიცოცხლე შეგვძლებოდეს!
ადამიანად ყოფნის სიხარული ვისურვოთ, მეგობრებო.
***
გახსოვს?
ბოლოს როდის დათვალე ცაში ღრუბლები…
როდის აგიფრთხიალდა გულის პეპლები აყვავებული ხეების დანახვისას…
ბოლოს როდის შეამჩნიე, რა საოცრად გიყვება სამყაროს ამბავს გულყვითელა ჩიტი შენს ფანჯარასთან…
როდის გაგაოცა იმ ადამიანების ღიმილმა, ძალიან სევდიანი თვალები რომ აქვთ…
როდის დაფიქრდი – რა სასწაულია ეს ფოთოლი, ბალახი, ყვავილი, ცა, მიწა, ყოველი არსება და რა საოცრება ხარ შენ, ამ ყველაფრის გვირგვინო – ადამიანო!
ბოლოს როდის შეეცადე სიყვარულით სამყაროს გალამაზებას?
არ გახსოვს ხო, შენ, უსუსრო ჩემო თავო!?
სამაგიეროდ ხომ გახსოვს კორონა, 5-ჯი, სამყაროს დასასრული, მიწისძვრა, შიში, დაქცევა და უბედურება?
ნახე, რა ლამაზია ყველაფერი… ერთი მშვენიერი წამისთვის ღირს ზოგჯერ მთელი ცხოვრება! შენ კი ათასობით წამს კარგავ უაზროდ, უმიზნოდ!
რაც ახლა უმნიშვნელო გგონია, ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი! ნუ მიჰყვები ამ უაზრო დინებას! ნუ!
მთავარი რა არის – ეს გაიხსენე
***
დავიღალეთ?!
ძალა მოვიკრიბოთ – სხვა, ჩვენზე დაღლილი, ვანუგეშოთ!
ჩვენი ადამიანობა იმით გამოვცადოთ – განსაცდელში მყოფის დახმარების შესაძლებლობას რომ გვაძლევს უფალი, კი არ დავიზაროთ, ჯილდოდ და ნუგეშად მივიღოთ!
ამდენ ჭორ-მართალსა და გაურკვევლობაში, ერთადერთ სიმართლეს, ერთადერთ ჭეშმარიტებას მივაპყროთ მზერა!
ვინ რას გეგმავს, ვინ რას გვიპირებს, რა მიზნები აქვთ კაცობრიობასთან დაკავშირებით – ეს ნუ დაგვზაფრავს!
უფალს მივანდოთ ყველა უსამართლობა! – ერთი სურვლით: მიუტევოს, რადგან არ იციან რას აკეთებენ!
რწმენა, იმედი, სიყვარულია – ჩვენი აბჯარი და იარაღი!
ბრძოლა რთულია, მაგრამ…
ნუ გეშინიათ!!!
მეცხრე ტომი 11 მაისიდან ერთი კვირის განმავლობაში იქნება საგაზეთო ქსელსა და „ბიბლუსის“ მაღაზიებში. შეგახსენებთ, რომ „ბიბლუსი“ უკვე გაიხსნა ორშაბათიდან.

0

loading...
Next Post

„ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებ, შეთანხმების ფორმატის მიღმა არ გავიდნენ, რადგან მათ ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ“ რატი იონათამიშვილი

გაზიარება Loading... ფრაქცია „ქართული ოცნების“ […]