პიგმალიონის ეფექტი

geoinformer

loading...
image
ცხოვრებაში ჩვენ ხშირად გვიჩნდება მოლოდინები მოვლენების, საგნებისა და ადამიანების მიმართაც კი. მაგალითად, ახალგაზრდა გოგონას გაცნობისას, რომელსაც აქვს სათვალე, მოწესრიგებული ვარცხნილობა და ჩაცმის კლასიკური სტილი, ჩვენ შეიძლება შეგვექმნას მოლოდინი, რომ ის მოწადინებული სტუდენტია და მის გადმოცემულ ინფორმაციას განსაკუთრებული გულისყურით მოვექცეთ- მეტად ვირწმუნოთ და დავუჯეროთ მას, ამის შედეგად კი მან შეიძლება უფრო დიდი მონდომებითა და ასერტულობით დაიწყოს სხვადასხვა ფაქტის გაზიარება, რითაც გააძლიერებს ჩვენს მოლოდინებს. ამას პიგმალიონის ეფექტი ეწოდება. ჩნდება კითხვა- დასტურდება თუ არა მეცნიერულად პიგმალიონის ეფექტის არსებობა? მოცემულ კითხვას პასუხი შემდეგი ექსპერიმენტის განხილვით შეიძლება გაეცეს: რ.როზენთალმა აიყვანა ერთნაირი ვირთხები და შემთხვევითად გადაანაწილა ისინი ორ ჯგუფში. ერთი ვირთხების ჯგუფი მისცა სტუდენტთა ერთ ჯგუფს და უთხრა, რომ ეს ვირთხები იმ ჯიშს მიეკუთვნებოდნენ, რომლებსაც შეეძლოთ კარგად აეთვისებინათ ლაბირინთში გაძრომა, მეორე ვირთხების ჯგუფი კი სტუდენტთა მეორე ჯგუფს მისცა და უთხრა, რომ ისინი ცუდად აითვისებდნენ ლაბირინთში გაძრომას. სტუდენტთა ორივე ჯგუფს ექსპერიმენტატორმა დაავალა, ვირთხებისთვის ლაბირინთში გაძრომა ესწავლებინა. აღმოჩნა, რომ შედეგები შეესაბამებოდა სტუდენტების მოლოდინებს- როცა სტუდენტებს სჯეროდათ, რომ ვირთხები კარგად გაწვრთნად ჯიშს მიეკუთვნებოდნენ, ვირთხები უკეთესად ითვისებდნენ ლაბირინთში გაძრომას. გამოდის, რომ მოლოდინებს გავლენა აქვს ქცევაზე და პიგმალიონის ეფექტი რეალურად არსებული ფსიქოლოგიური ფენომენია და გულისხმობს, რომ მაღალი მოლოდინები იწვევს ქცევის ხარისხის გაუმჯობესებას. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი საკუთარი ქცევის კონტროლი ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებსაც კი შეუძლიათ თავიანთი რაციონალური ან ირაციონალური რწმენებითა და მოლოდინებით. თუმცა აღსანიშნავია, რომ პიგმალიონის ეფექტსაც აქვს თავისი ლიმიტები- შეიძლება ჩვენი ქცევა გაუმჯობესდეს სხვების მოლოდინების საფუძველზე, თუმცა ვერასდროს გასცდება ჩვენს ფიზიოლოგიურ მონაცემებს. მნიშვნელოვანია აგრეთვე მოლოდინების მახასიათებლებიც- ზედმეტად მაღალ მოლოდინებს აქვთ თვისება, ადამიანს დაუკარგონ ქმედების ყველანაირი სურვილი. კვლევებიდან ჩანს, რომ პიგმალიონის ეფექტი კარგავს ეფექტურობას მაშინ, როცა ჩვენ მივიჩნევთ რომ ქმედებით გამოწვეული შედეგების წარმატება 50%-ზე ნაკლებია. პიგმალიონის ეფექტის არსებობის ერთ-ერთი მტკიცებულება ჭკვიანი ჰანსის ისტორიაა: უილიამ ფონ ოსტენი გახლდათ მასწავლებელი და ამავდროულად ცხენების მწვრთნელი. მას სწამდა, რომ ცხოველებს შეეძლოთ იმგვარი გონებრივი ოპერაციების შესრულება, როგორიცაა ვთქვათ დათვლა. იგი მუშაობდა ცხენთან, რომელსაც ჰანსი ერქვა. ჭკვიანმა ჰანსმა სახელი იმით გაითქვა, რომ შეეძლო 90%იანი აკურატულობით ეპასუხა კითხვებზე ჩლიქის დაკაკუნებით.იგი ამას მაშინაც ახერხებდა, როცა მისი მწვრთნელის ნაცვლად სხვა უსვამდა კითხვებს. საბოლოოდ გაირკვა, რომ ჰანსი მხოლოდ იმ კითხვებს სცემდა სწორ პასუხს, რომელზე პასუხიც თვითონ კითხვის დამსმელმა იცოდა, ვინაიდან იგი გაუცნობიერებლად მიანიშნებდა ცხენს სწორ პასუხზე. ეს ფაქტი კვლავ ადასტურებს, თუ რაოდენ ძლიერია პიგმალიონის ეფექტი.საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც ცხოველებზე, აგრეთვე ადამიანებზე მოქმედებენ სხვათა მოლოდინები და ეს მოლოდინები ხშირად ადამიანებს გარკვეული ქცევისაკენ უბიძგებს.

Loading...

0

loading...
Next Post

ვიდეოჩანაწერებით დგინდება როგორ დაესხნენ თავს შაქარაშვილს - პროკურატურა საქმის ახალ დეტალებზე

გაზიარება loading... Loading... გიორგი შაქარაშვილის […]