მენიუ დახურვა

დეკანოზი: მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ჩამოსვლაში კონსპირაციული არაფერია

საპატრიარქო

30 იანვარს საქართველოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ჩამოდის. ამასთან დაკავშირებით, პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ შეხვედრის მიზანი მისი ხვალვე, შედეგით დასრულება არ არის. დეკანოზის თქმით, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი, მიტროპოლიტი ილარიონიც იყო ცოტა ხნის წინ ჩამოსული და არც ეს დაუმალავთ საზოგადოებისთვის. მის კომენტარს სააგენტო ‘ინტერპრესნიუსი’ ავრცელებს.

დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, მიტროპოლიტი ემანუელი ‘ძალიან მაღალი დონის სტუმარია საპატრიარქოსთვის და ეს საზოგადოებისთვის გაუგებარი არ დარჩებოდა’.

‘კონსპირაცია რომ სდომოდა ვინმეს, ასეც იქნებოდა, ამიტომ გეტყვით, რომ აქ არანაირი საკონსპირაციო თემები არ არის. არსებობს ორი მოდავე მხარე – ერთმანეთთან აქვთ გასარკვევი სამართლებრივი საკითხები და ისინი ცდილობენ, რომ მოიპოვონ ეკლესიების მხარდაჭერა ამ საკითხებთან დაკავშირებით. არავითარი კითხვის ნიშნები არ არის, რომ კონსტანტინოპოლს აქვს თავისი პოზიციები ამ საკითხზე, ისევე როგორც მოსკოვს“, – განაცხადა დეკანოზმა.

დეკანოზის განმარტებით, დელეგაცია ხვალ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსაც შეხვდება. ‘„ამ შეხვედრის მიზანი არ არის ის, რომ ხვალვე დასრულდეს შედეგით და ითქვას, დავუჭერთ თუ არა მხარს ამ გადაწყვეტილებას. შეხვედრის მიზანია პოზიციების გაცნობა მოძმე ეკლესიებისათვის. მიტროპოლიტი მხოლოდ ჩვენთან არ ჩამოსულა, ისინი სხვადასხვა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებში დადიან და ეკლესიების ლიდერებს თავიანთი გადაწყვეტილებების მართებულობას აცნობენ, ისევე, როგორც მოსკოვის ეკლესიების წარმომადგენლები’, – თქვა დეკანოზმა.

დღეს საპატრიარქომ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. მანვე მართლმადიდებელ ეკლესიებს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

წყარო

loading…


მსგავსი სიახლეები