მენიუ დახურვა

შვედეთში მცხოვრებ ქართველ წყვილს ბავშვი ჩამოართვეს – “მეუღლე მიიყვანეს ფსიქიკურ აშლილობამდე”

შვედეთში მცხოვრებ ქართველ წყვილს ადგილობრივმა სოციალურმა სამსახურმა ბავშვი ჩამოართვა. მშობლების არაერთი მცდელობის მიუხედავად, შვილის დაბრუნება მათ ვერ შეძლეს. როგორც ბავშვის მამამ, კონსტანტინე კირვალიძემ აღნიშნა, ერიკი 9 თვის იყო, როცა წაიყვანეს, მას შემდეგ 3 თვე გავიდა, მშობლები კი შვილის დაბრუნებისთვის დღემდე ამაოდ იბრძვიან.

“წელიწად-ნახევარია მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ შვედეთში და ვითხოვთ პოლიტიკურ თავშესაფარს, სრულიად დასაბუთებული დოკუმენტაციით, რომელიც ჩამოსვლის პირველივე დღიდან წარვადგინეთ შვედეთის მიგრაციის სამსახურში. აქ, შვედეთში ცხოვრების პერიოდში შეგვეძინა ვაჟი, ერიკი, რომელიც ამჟამად გვყავს ჩამორთმეული, უსაფუძვლო, უსამართლო და ცრუ ბრალდებებით, ასევე ცრუ დასმენის საფუძველზე.

ჩემზე განაცხადეს, რომ ვეწეოდი მარიხუანას და თურმე, ერთ მომენტში ვიყავი აგრესიული. ეს მიზეზი დიდი ხანია აღარ არსებობს, რადგან მე მაქვს ამჟამად 60-დღიანი ანალიზის, ნარკო და ალკო ტესტის პასუხები, რომ ვარ სრულიად სუფთა და ყველანაირი ნარკოტიკისგან და ალკოჰოლისგან თავისუფალი.

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, სოციალური სამსახურის მუშაკებმა, ბავშვის უკანონოდ ჩამორთმევიდან სამი დღის შემდეგ, ისარგებლეს ჩემი მეუღლის ბუნებრივად სტრესული მდგომარეობით და მოუწყვეს ჯოჯოხეთური დაკითხვა, მიიყვანეს ფსიქიკურ აშლილობამდე. შეკითხვები გაგრძელდა იმ დრომდე, სანამ მთლიანად არ მოახდინეს ჩემი მეუღლის ფსიქოლოგიური პარალიზება და როდესაც ვეღარ გასცა პასუხი, მეათასედ დასმულ კითხვას, თუ რას გააკეთებდა კიდევ ბავშვის ჩემგან დასაცავად უღონოდ ჩაჰკიდა თავი ჩემმა მეუღლემ და ვეღარ შესძლო ფიზიკურად პასუხის გაცემა, რის შემდეგაც განუცხადეს – ვერ დაგვარწმუნეო, რომ თქვენ შეგიძლიათ ბავშვის დაცვა, ამიტომაც დარჩება ჩვენთანო.

თავიდან კვირაში 3-ჯერ გვქონდა ბავშვის ნახვის უფლება, მაგრამ ეს ისეთი კოშმარი იყო, ჯერ შეხვედრა და მერე უკან წამოსვლა, რომ ერთი-ორჯერ უარიც ვთქვი. ახლა კვირაში ერთხელ გვაქვს ნახვის უფლება. ბავშვმა რამდენიმე ოჯახი გამოიცვალა, არცერთი ადგილსამყოფელი არ გვითხრეს, თურმე გატაცების საფრთხის გამო” – განუცხადა “მშობლები.ჯი”-ს კონსტანტინე კირვალიძემ.

loading…


მსგავსი სიახლეები