მენიუ დახურვა

საქართველოს სახელით გადაწყვეტილებებს უმაღლესი იურიდული განათლების არმქონე მოსამართლე იღებს?

„ეს ძალიან უხეში დარღვევაა, მაგრამ სახელმწიფო დღემდე ამაზე აუცილებელ რეაგირებას არ ახდენს“

გიორგი მეფარიძე

ქართულ სასამართლო სისტემაში რომ ყველაფერი კარგად და დალაგებულად ვერ არის, ეს არახალი ამბავია. მაგრამ ამ ათწლეულების დაულაგებლობასაც, გარკვეული აღვირი უნდა ჰქონდეს გამოდებული. ამ დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილებებს იღებს მოსამართლე მაია გიგაური, რომელსაც თავის დროზე უმაღლესი იურიდიული განათლებაც კი არ ჰქონია მიღებული. რაც შეეხება მის ერთ-ერთ ბოლო გადაწყვეტილებას, სამსახურში აღადგენს პიროვნებას (დირექტორის მიერ საყვედურისშემდგომი ბრძანებით გათავისუფლებულს), რომელიც დადასტურებულად კონფლიქტის წყაროა და შეუთავსებლობა აქვს უშუალო ხელმღვანელთან. პროცესზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოსამართლე გადაწვეტილებას არა კანონმდებლობის მოთხოვნებისა და შინაგანი რწმენის გათვალისწინებით იღებს, არამედ კონფლიქტის შემდგომი გაგრძელების პირდაპირ მაპროვოცირებლად გამოდის.

რამდენიმე წლის წინ, „გურია ნიუსი“ მაშინდელი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლის, მაია გიგაურის პროფესიული წარსულით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ ის სამოსამართლო საქმიანობას, როგორც თსუ-ს ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული ეწევა.

„გურია ნიუსისვე“ ინფორმაციით, მაია გიგაური ექსსაპარლამენტო მდივნის, გია ხუროშვილის ნათესავია და წლების განმავლობაში მუშაობდა ხუროშვილის მეუღლის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მაია ივანიძის მდივნისა და თანაშემწის თანამდებობებზე:

„ივანიძე და ხუროშვილი ლექციებს კითხულობდნენ იმ ფაკულტეტზე, რომელიც გიგაურმა დაამთავრა მათივე რეკომენდაციით და დახმარებით. მაია გიგაურმა 2002 წელს დაამთავრა თსუ-ს ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით. დიპლომ-სერთიფიკატის აღების შემდეგ კი ნათესავი სამსახურში მოაწყვეს და მოსამართლის მანტიაც მოასხეს“.

მაია გიგაური დაიბადა 1980 წლის 31 მარტს ქ. მცხეთაში, 1997 წელს დაამთავრა მცხეთის #1 საშუალო სკოლა, 2002 წელს დაამთავრა თსუ ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით, 2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სხდომის მდივნის და მოსამართლის თანაშემწის თანამდებობებზე, 2005-2009 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე, 2009-2010 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი, 2010 წლის 6 აგვისტოს დაინიშნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, ამავე პერიოდიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

იმის გასარკვევად, აღნიშნული დიპლომის მიღების შემდეგ ითვლება თუ არა პირი უმაღლესი განათლების მქონედ, მაშინ „გურია ნიუსი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რუსუდან სანადირაძეს დაუკავშირდა:

„2005 წელს, მინისტრის ბრძანებით, დიპლომი და დიპლომის დანართი გახდა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები. მანამდე კი ნებისმიერი სასწავლო კურსის დამთავრების ბოლოს აძლევდნენ დიპლომებს. იმის გამო, რომ ასეთ ადამიანებს პრეტენზია არ ჰქონოდათ უმაღლეს განათლებაზე, ამ ტიპის დიპლომებს დაერქვა სერთიფიკატები. სამწლიანი პროფესიული განათლება არც ერთ შემთხვევაში არ არის უმაღლესი განათლება, უბრალოდ იმ მოწმობას სახელად დაარქვეს დიპლომი. თუ კი დიპლომში წერია სიტყვა „სპეციალობით“ და არ წერია „მიენიჭოს ბაკალავრის ხარისხი“, ეს ნიშნავს იმას, რომ აქ საუბარი არ არის უმაღლეს განათლებაზე. 2002 წელს იურიდიული ფაკულტეტი გასცემდა დიპლომს, სადაც ეწერა „მიენიჭოს იურისტის კვალიფიკაცია“ და ეს ნამდვილად არის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ წერილობით მოგვმართოთ და ნამდვილობის დასადგენად მაია გიგაურის დიპლომს შევისწავლით“, უთხრა რუსუდან სანადირაძემ.

„გურია ნიუსი“ ყოფილ საპარლამენტო მდივან გია ხუროშვილს დაუკავშირდა, რომელმაც მაია გიგაურთან ახლო ნათესაობა უარყო:

„იცით რა არის, მე არც კი ვიცი მაია სად მოღვაწეობს. რაც შეეხება ნათესაობას, ის არის მოგვარის შვილი (მაია გიგაურის დედა ხუროშვილია). სხვაგვარი ნათესაური ურთიერთობა არ გამაჩნია, აქედან გამომდინარე, ის, რომ მაია თითქოს ჩემი რეკომენდაციით დაინიშნა მოსამართლედ, აბსურდია. ამ ტიპის ინფორმაციებზე კუდის მობმა არის ძალიან დიდი უნამუსობა, რაც შეეხება მასთან ნაცნობობის ფაქტს, არ უარვყოფ, მაგრამ ნათესაობა და რეკომენდაციის გაწევა ცოტა სხვაგვარი რამეა“, განაცხადა გია ხუროშვილმა „გურია ნიუსთან“.

„საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის, სულ ცოტა, 5 წლის გამოცდილება.

მოსამართლე ბესარიონ ალავიძის შემთხვევის მსგავსად, თუ დადგინდა, რომ მაია გიგაური მართლმსაჯულებას უკანონოდ ახორციელებდა, მის მიერ გამოტანილი ყველა დანარჩენი და გადაწყვეტილება ბათილია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნას ცნობილი თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში“, წერდა სკანდალურ საქმესთან დაკაშირებით „გურია ნიუსი“.

ამ თემას იმიტომ ვეხებით, რომ ნათელი იყოს, როგორ აისახება არასწორად დანიშნული მოსამართლეების „მოღვაწეობა“ რეალურ ცხოვრებაში.

ტიპიური შრომითი დავა

როგორც თავიდანვე აღნიშნული საქმის ადვოკატი (მისივე თხოვნით ვინაობას არ ვასახელებთ) ამბობს:

თავდაპირველად, ყურადღებას ერთ ნიუანსზე გავამახვილებდი. დირექტორის 75-ე და 77-ე ბრძანებებიდან, 75-ე ეხებოდა უბრალო საყვედურის გამოცხადებას, აქ არც ფინანსური ჯარიმა და არც სხვა არაფერი ყოფილა. საყვედურიც პრევენციული სახით იყო და განვმარტე რატომაც. ხოლო 77-ე ბრძანება უკვე უშუალოდ თანამდებობიდან გათავისუფლებაზე იყო. მხარემ ცალ-ცალკე გაასაჩივრა, ანუ ჯერ საყვედური, რომელიც მოსამართლე კოხრეიძეს დაეწერა. შემდეგ ამ საყვედურის განხილვა მოსამართლე მაია გიგაურს დაეკისრა. შემდეგ მოადგილემ უკვე გათავისუფლების ბრძანება დამოუკიდებლად გაასაჩივრა, რომელიც მოსამართლე კოხრეიძეს დაეკისრა.

აღმოჩნდა, რომ ორი ბრძანება ორ სხვადასხვა მოსამართლეს პარალელურად აწერია. მოსამართლე მაია გიგაურმა პროცესი ძალიან მალე ჩანიშნა, ამას ერთი თვეც კი არ დასჭირდა. მოადგილემ, ისე, რომ კოხრეიძისგან არ გამოითხოვა და უარი არ თქვა მოთხოვნაზე, გიგაურთან ახალი დაზუსტებული სარჩელი შეიტანა, სადაც ეს ყველაფერი გააერთიანა და ერთ სასარჩელო მოთხოვნად ჩამოაყალიბა.

ეს სარჩელი რომ გამოგვეგზავნა, ჩვენ შესაგებელი შევიტანეთ და უკვე პროცესზე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ კოხრეიძისგან საქმე გამოთხოვილი არ ჰქონდა და საქმე გიგაურთანაც იყო. შესაბამისად, ერთი და იმავე საგანზე ერთი და იგივე მხარეებს შორის ორ სხვადასხვა მოსამართლესთან იყო დავა. რადგან კოხრეიძესთან მანამდე იყო შეტანილი, ჩვენ ასაკიდან, გამოცდილებიდან გამომდინარე გვერჩივნა, რომ საქმე მას განეხილა. თან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება პირველად მას დაეწერა და ამიტომ პროცესამდე განცხადება შევიტანეთ, რომ კოხრეიძეს გაეერთიანებინა ეს საქმე, რადგან ძირითადი დავა სამსახურიდან გათავისუფლებას შეეხებოდა. საყვედურის გამოცხადება მეორეხარისხოვანი დავაა. თუ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობა არ მოხდებოდა, მისი იურიდიული ინტერესიც არ იარსებებდა.

მაია გიგაურთან პროცესზე რომ მივედით, დავაყენეთ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით იმ ნაწილში, რომელიც მოსამართლე კოხრეიძეზე ეწერა. მოსამართლე იძულებული იყო ეს მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, რადგან ნათელი იყო, რომ ეს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენდა.

აღვნიშავ, რომ საქმეების გაერთიანება ერთი თვის შემდეგ მოვითხოვეთ, როცა ეს ყველაფერი ჩვენთვის ცნობილი გახდა. ველოდებოდით, რომ მოსარჩელე ამას გააერთიანებდა, ჩვენ ამის არ გვეშინოდა. მოსარჩელე ამას არ აკეთებდა, ხოლო ჩვენ უფრო კვალიფიციური და გამოცდილი მოსამართლე გვერჩივნა ასეთი ტიპის დავებზე.

შემდეგ მეორე მხარემ კოხრეიძისგან საქმე გამოიხმო, რაც უხეში სამართლებრივი შეცდომაა, რადგან საქმის ნებაყოფლობითი გამოხმობა ხანდაზმულობის ვადის დენის წყვეტას არ იწვევს. ანუ, როცა მხარე სასამართლოს მიმართავს, ხანდაზმულობის ვადა წყდება. მაგრამ თუ ნებაყოფლობით გამოიტანს, ვადა შეწყვეტილად აღარ მიიჩნევა და უკვე ახალი შეტანისას ის ვადა უკვე გასულად ითვლება.

როგორც აღვნიშნე, ჩვენ დასაბუთებული ბრძანება გვქონდა ჩაბარებული, ამიტომ მას გასაჩივრების ვადა ერთი თვე ჰქონდა. ეს ყველაფერი კი გათავისუფლების ბრძანების ჩაბარებიდან ორთვენახევრის თავზე ხდება, როცა საქმე უკან გამოიხმეს. გამოდის, რომ საქმე როგორც კი გამოიხმეს, ხანდაზმულობის ვადის წყვეტა არ მოხდა და ავტომატურად დაუფიქსირდათ, რომ ორთვენახევარი იყო გასული. შესაბამისად, ამ ნაწილში მოთხოვნა უკვე ავტომატურად ხანდაზმული გახდა. მოსამართლე გიგაურს ახალი დაზუსტებული სარჩელით რომ მიმართეს, ეს უკვე ხანდაზმულ მოთხოვნს წარმოადგენდა.

ამის გამო საქმის განხილვის შეწყვეტა მოვითხოვეთ და ვასაბუთებდით, რომ ამ დროს სასამართლო რესურსების ხარჯვა მიზანშეუწონელია, როდესაც მოთხოვნა ხანდაზმულია. თუმცა მოსამართლემ თქვა, რომ არსებული პრაქტიკით ხანდაზმულობა ფაქტობრივი გარემოებაა, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის საფუძველია და არა შეწყვეტის.

პროცესი გაგრძელდა და ძალიან ღიმილისმომგვრელად წარიმართა. მოსამართლე ყველანაირად ცდილობდა, რომ მოსარჩელის პოზიცია დაეჭირა. ყველა ნაწილში ეხმარებოდა, როცა ეს ტიპიური დავაა და ყველაფერი სამოქალაქო სამართლის მთავარ ქვაკუთხედს, შეჯიბრებითობის პრინციპს ეფუძნება. ანუ, მოსამართლე მხოლოდ ნეიტრალური არბიტრი უნდა იყოს, მხარეები რასაც წარმოადგენენ უნდა მიიღოს. მაგრამ თითქოს დაზუსტების გამო, თითქოს რაღაც ვერ გაიგო და ა.შ. ამ გზით ცდილობდა, რომ მათი ყველა არასწორი მოქმედება დაეკორექტირებინა.

დაუკმაყოფილა მოწმე, რომელსაც უნდა დაედასტურებინა დისკრიმინაციის ფაქტი, როდესაც მხარე სარჩელში სიტყვასაც კი არ წერდა რაიმე სახის დისკრიმინაციაზე. ვკითხეთ რას აკეთებდა, რადგან ამაზე სარჩელში არ წერია და ამაზე არც უნდა იმსჯელოთო. მოსამართლემ ჯერ დააკმაყოფილა და მერე მიხვდა, რომ ამაზე სარჩელში საერთოდ არაფერი ეწერა.

ადვოკატები ვართ და ასე თვალში ნაცარს ნუ შეგვაყრით- მეთქი, როგორ დავამტკიცო, რომ დისკრიმინაცია არ ჩამიდენია, როცა პიროვნება არც კი მეუბნება, თუ რაში გამოიხატა ეს დისკრიმინაცია. ამ დისკრიმინაციის რამე ნიშანიც კი არ ჰქონდათ მითითებული.

მოსამართლე მერე ამ პიროვნებას მიუბრუნდა და სთხოვა დისკრიმინაციის ნიშნები დაესახელებინა. ისინი კი ამბობდნენ, რომ დისკრიმინაცია აზრის გამოხატვის შეზღუდვაში მდგომარეობსო. ამ დროს ეს სულ სხვა რამეა, სხვა მიმართულებაა და იმასაც კი ვერ მიხვდნენ, რომ ამ ნაწილში დისკრიმინაციად ეს საერთოდ არ მიიჩნევა. საბოლოოდ, მათ დისკრიმინაციის მომენტი საერთოდ მოხსნეს, ეს არ ყოფილა და ამაზე არ ვდაობთო. მაგრამ მოწმე, რომელსაც ეს არარსებული დისკრიმინაცია უნდა დაედასტურებინა, საქმეში მოწმედვე დარჩა.

პროცესზე მოსამართლე ყველა სადავო სიტუაციას მოსარჩელის სასარგებლოდ წყვეტდა. ღიმილის მომგვრელია ისიც, რომ როდესაც მოწმის დაკითხვაზე მიდგა, მოსამართლემ ის დაკითხა და ეს მოწმე სამსახურიდა ერთი წლით ადრე იყო წასული, ვიდრე ბატონი მოადგილე გათავისუფლდებოდა. ანუ, იმ მოწმეს საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონდა, არ შესწრებია, საერთოდ არ იცის რა მოხდა, რადგან ამ სამსახურში 1 წელია აღარ მუშაობდა.

მიუხედავად ამისა, ეს პიროვნება მოწმედვე დარჩა და აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ეს მოწმე აღნიშნულ საქმესთან კავშირში საერთოდ არ იყო და ვერც იქნებოდა, რადგან როგორც მოგახსენეთ სამსახურში აღარ მუშაობდა.

როდესაც ამ ყველაფერს ვაპროტესტებდით, მოსამართლემ თქვა ყველაზე სამარცხვინო რამ, რაც კი შეიძლებოდა, მე უნდა გამოვიკვლიო ყველა გარემოებაო. ანუ, აქ მოსამართლემ მიუთითა არა სამოქალაქო სამართლის ქვაკუთხედზე, შეჯიბრებითობაზე, არამედ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ მიმართულებაზე და სამოქალაქო სამართლის მიმართულებაზე, სადაც საოჯახო სამართალი იხილება, ინკვიზიციურობაზე. ამით მან პირდაპირ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, რადგან მას არ აქვს უფლება გამოიკვლიოს ყველაფერი, რასაც მხარეები არ უთითებენ. თუ მხარეს სარჩელში არ უწერია, მეც შესაგებელში არ მიწერია, არ ვდაობ, ამაზე მოსამართლემ არც უნდა იმსჯელოს. მაგრამ მოსამართლე ადგა და ასეთი გადაწყვეტილებები მიიღო.

ამას რას უკავშირებთ?

ეჭვები ბევრია, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და არ ვამბობ, რომ ამას პირდაპირ ადგილი ჰქონდა. მაგრამ აღვნიშნავ, რომ გათავისუფლებულის ძმის ცოლი, ანუ რძალი იმავე სასამართლო სისტემაში მუშაობს, ასევე მოსამართლეა. მოგეხსენებათ, ყველა ერთ შენობაშია, რაც კოლეგიალობას, მეგობრობას არ გამორიცხავს. როგორც ვიცით, ამ ორ მოსამართლეს საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს, ერთ პერიოდში სწავლობდნენ საერთო უნივერსიტეტში, თსუ-ში.

განათლების, კომპეტენციის ნაკლებობაზე საუბრობდით

მოსამართლე მაია გიგაური სამოქალაქო მიმართულებით ახალი გადმოყვანილია, მანამდე სისხლის სამართლის მოსამართლის თანაშემწე იყო. ალბათ, ჯერაც ვერ გაიგო სამოქალაქო საქმის თავისებურება. ამ მოსამართლეს განათლებაც ძალიან საინტერესო აქვს მიღებული. ზოგადად, ამ თემაზე ქვეყანაში ბევრი კამათი იყო და ახლაც მიმდინარეობს.

მაშინ მოსამართლედ რა საფუძველზე დაინიშნა?

სხვადასხვა ჟურნალისტური კვლევებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ გიგაურის ერთ-ერთი ნათესავის ცოლი სისხლის სამართლის მოსამართლე იყო, რომელმაც ის თანაშემწედ აიყვანა, სწორედ მათი მფარველობის ქვეშ დანიშნეს მოსამართლის თანამდებობაზე.

ეს ძალიან უხეში დარღვევაა, მაგრამ სახელმწიფო დღემდე ამაზე აუცილებელ რეაგირებას არ ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული სამართლიანობის აუცილებლობაზე საუბრობენ, დღემდე ვერ გაბედეს მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რაც რეალურად სამართლიანობისკენ, პრობლემების მოგვარებისკენ მიმართული იქნება. მოსამართლედ არ უნდა აღიარონ ისინი, რომლებსაც უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვთ. კონსტიტუციის მიხედვით, დაუშვებელია უმაღლესი იურიდიული განათლების გარეშე ადამიანი იყოს მოსამართლის თანამდებობაზე.

დღეს დამატებითი ცვლილებებია შესული და მაგისტრის ხარისხის გარეშეც კი არ შეიძლება ადამიანი იყოს მოსამართლე. მანამდე, 2010 წელს დანიშვნისას მაგიტრის ხარისხს არ ითხოვდნენ.

მას მერეც არ მიუღია უმაღლესი იურიდიული განათლება?

როგორც ჩემთვის ცნობილია, ამჟამად ერთ-ერთი უნივერსიტეტის დოქტორანტია, მაგრამ ჩვენ კანონის მოთხოვნებზე უნდა ვისაუბროთ. როდესაც პიროვნება მოსამართლედ ინიშნებოდა, მას არ ჰქონდა უმაღლესი იურიდიული განათლება. ასევე, ახლანდელი დოქტორანტურაც არასწორია, რადგან თუ ქვედა საფეხურები არ გაქვს გავლილი (ანუ, ბაკალავრიატი და მაგისტრატურა), ელემენტარული საძირკველი თუ არ გაქვს, შენობას ვერ ააშენებ. მე სახლში კანონები და კოდექსები კარგად რომ ვისწავლო, ამის გამო უნდა მივიდე და მოსამართლეობა მოვითხოვო?

სადავო საქმესთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?

რასაკვირველია, მოსამართლე მაია გიგაურის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, რადგან მოთხოვნა ხანდაზმული იყო, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. გარდა ამისა, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას მოსამართლემ თქვა, რომ მას წარმოუდგენლად მიაჩნია ამ პიროვნებასთან (მოადგილესთან) მუშაობა, მაგრამ ის მაინც უნდა აღადგინოს. თუ მასთან მუშაობა წარმოუდგენელი ამბავია, მაშინ რატომ უნდა აღადგინოს, ეს სრულიად გაურკვეველია. ასევე, მოსამართლე საკუთარ თავს არაერთხელ ეწინააღმდეგებოდა. თან ამბობდა, რომ კონფლიქტი არსებობდა და თან ამას უარყოფდა, გიგაური ამაში თვითონაც ვერ ჩამოყალიბდა.

ხაზს ვუსვამთ, რომ კონფლიქტი პერსონალურ მონაცემთა ბაზებზე წვდომის მოთხოვნის გამო დაიწყო.

ამ საკითხთან დაკავშირებით დირექტორს შესაბამის უწყებებთან, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან კონსულტაციები გავლილი ჰქონდა, რომელმაც აღნიშნული ორგანიზაციისთვის ამ ტიპის წვდომა დაუშვებლად მიიჩნია. გონივრული ეჭვი იბადება, რაში დასჭირდა მოადგილეს პერსონალურ მონაცემთა ბაზასთან წვდომა? იქნებ არაკანონიერად, ვიღაცების დასაშანტაჟებლად გამოსაყენებელად, როცა თავად ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არ იქნებოდა?

ისიც აღსანიშნავია, რომ სამსახურის თანამშრომლების გარდა, ამ პერსონალურ მონაცემთა ბაზებზე წვდობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც ექნებოდათ, რომელთა რაოდენობა წლის განმავლობაში ექვსასს აღწევს და მათი გაკონტროლებაც შუძლებელი იქნებოდა. ამაზე პასუხისმგებლობის აღებაც უბრალოდ გამორიცხულია.

რატომ გახდა ეს მოადგილისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომ მსგავსი ქმედებებები ჩაედინა? წყობიდან სწორედ ამის გამო იყო გამოსული და გონიერების ყოველგვარ ფარგლებს გასცდა.

რაც მთავარია, მოსამართლეს კონფლიქტის ამ არსებით მიზეზზე ყურადღება საერთოდ არ გაუმახვილებია. რაც, ბუნებრივია, ლეგიტიმურ ეჭვებს ბადებს.

გამოდის, მოსამართლემ თქვა, რომ ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია მივიდეს დირექტორთან და უთხრას ათასი ამაზრზენი სიტყვა (ოღონდ არ უნდა შეაგინოს) და თურმე ამას არანაირი შედეგი არ მოყვება, საყვედურსაც კი ვერ გამოუცხადებ. ეს თურმე მისი სუბიექტური აზრია და მეტი არაფერი.

გამოსავალი სად არის?

უპირველესად, ვიმედოვნებთ, რომ სააპელაციო სასამართლო საქმეს სამი მოსამართლის კოლეგიით განიხილავს. დიდი ალბათობით ასე განიხილება, რადგან საქმე საკმაოდ საინტერესოა. მოგეხსენებათ, ყოველთვის თუ არა, სამი თავი უმეტესად სჯობს ერთ თავს. ასევე ვიმედოვნებთ, რომ ამ პიროვნებებს უკვე აპელაციაზე ხელი არ მიუწვდებათ, რადგან აქამდე პროცესი არანორმალურად დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობდა. მოსამართლე მზად იყო პროცესი ღამის ათსა და თერთმეტ საათზე გაეგრძელებინა, რომ რაც შეიძლება მალე დაემთავრებინა. ეს კი გაუგებარი ამბავია.

ჩვენ ინფორმაცია გამოვითხოვეთ, მოსამართლეს 150 საქმემდე აწერია და ასე სწრაფად რატომ უძღვება, როცა სხვა ანალოგიური საქმეებიც აქვს? გაურკვეველია ჩვენი საქმე რატომ იყო ასე პრიორიტეტული, როცა რიგში სხვა პიროვნებებიც დგანან და მათი უფლებები ილახება. ვფიქრობთ, რომ აპელაციაში ხელი უფრო არ მიუწვდებათ და საკითხს პროფესიონალურად მიუდგებიან.

არსებული გარემოებები, მტკიცებულებები, ყველაფერი ადასტურებს, რომ ჩვენ კანონიერი გადაწყვეტილება მივიღეთ. ახლა ყველაფერი მიუკერძოებელ, ობიექტურ, კვალიფიციურ მოსამართლეებზეა დამოკიდებული, რომლებიც დარწმუნებული ვარ იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც ჩვენი კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულია.

მოსამართლე გიგაურის საკითხზე მსჯელობა კი აქტუალურია, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი სასამართლოს პრესტიჟს ეხება.

პ.ს. ეს ინტერვიუ ჩაწერილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.

ახლა მოგახსენებთ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე სააპელაციო სასამართლომ.

როგორც გაირკვა, მეორე ინსტანციის სასამართლო უსწრაფესად ჩაინიშნა, 3 მოსამართლის მაგივრად, საქმე ერთმა მოსამართლემ განიხილა (რასაც კანონი არ კრძალავს) და მისივე ერთპიროვნული შეხედულებით, უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ამით ადვოკატის ოპტიმიზმი დაიმსხვრა.

ახლა, ვნახოთ ვინ არის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ამირან ძაბუნიძე, რომელმაც ერთპიროვნულად აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა:

ამირან ძაბუნიძე

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში 7 მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო, მათი ვინაობა ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა: შოთა გეწაძე, გიორგი ტყავაძე, ამირან ძაბუნიძე, ანა გოგიშვილი, გელა ქირია, ნათია ბარბაქაძე და გიორგი მიროტაძე.“ (რადიო თავისუფლება 2015წ. 20 ნოემბერი)

არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლო, მართლმსაჯულება და საზოგადოება“:

ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ამირან ძაბუნიძე ყველაზე არაობიექტური, ყველაზე არაკანონმორჩილი და გამორჩეულად სტერეოტიპულად მოაზროვნე მოსამართლეა.

საზოგადოებრივი აზრის თანახმად, (გამოიკითხა 5300 რესპოდენტი) ამირან ძაბუნიძე კვლავ ბრალდების მხარის უსიტყვო მეხოტბე და მათი ნება-სურვილის უბადლო შემსრულებელი მოსამართლეა, რომელსაც პრაქტიკულად დაკარგული აქვს სამოსამართლეო დამოუკიდებლობის შეგრძნება და მისი მოღვაწეობის მანძილზე, მისი მხრიდან არ გამოტანილა არცერთი გამამართლებელი განაჩენი, აღკვეთი ღონისძიების სახით არ შეფარდებულა არცერთი გირაო ხოლო კრიტიკულ მიდგომებს არ დაქვემდებარებია პირის დაკავების შესახებ განჩინების გამოცემისა და კანონიერების საფუძვლები.

ბატონი ძაბუნიძის განვლილი ცხოვრების გზა ასე გამოიყურება:

დაიბადა 1975 წლის 23 იანვარს ქ. ვილნიუსში.

· 1997 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და სოციალურ-ეკონომიკური მართვის უნივერსიტეტის იურიდიულ-ეკონომიკური ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა-მენეჯმენტის სპეციალობით.

· 1994- 1999 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულ მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ფონდში იურისტის თანამდებობაზე.

· 2001-2002 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სხდომის მდივნად.

· 2003-2006 წლებში მუშაობდა იურიდიულ ფირმა მთაწმინდის ადვოკატურა-ში ადვოკატად.

· 2006-2007 წლებში იყო ფონდ ფინკა ინტერნეიშენალის საქართველოს ფილიალის ფინკა საქართველოს იურისტი.

· 2007-2009 წლებში მუშაობდა მცხეთის რაიონული სასამართლოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე.

· 2009-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

· 2011 წლის თებერვლიდან იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ამავდროულად დავალებული ქონდა მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაგისტრატ სასამართლოებში.

· 2013 წლის იანვრიდან დაინიშნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ.

(წყარო: სასამართლო, მართლმსაჯულება და საზოგადოება, რუბრიკა „კრიტიკული ეტიუდები“ 2015წ. 28 აგვისტო)

მოკლედ, მოსამართლე ამირან ძაბუნიძემ ზემოაღნიშნულ საქმეზეც „შეუძლებელი შეძლო“ და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

ადვოკატის განცხადებით, საქმე მესამე ინსტანციაში გასაჩივრდება და, იმედია, სასამართლო (უზენაესი) ამ შემთხვევაში მაინც სამართლიანი იქნება: „თუ გვინდა სასამართლო ხელისუფლების რეპუტაცია სათანადო დონეზე იყოს, ასეთი მოსამართლეები სისტემამ უბრალოდ უნდა ჩამოიშოროს, რადგან ამ ერთი საქმიდანაც ცხადად ჩანს, რომ „ავგიას თავლები“ სასწრაფოდ დასალაგებელია“, დასძენს ადვოკატი.

წყარო: marshalpress.ge

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.