მენიუ დახურვა

ვინ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც ბესელიას პირადი ცხოვრების კადრები გაავრცელა

(რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი მონაცემის გავრცელების საქმეზე ფეისბუქის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს მოქალაქის სავარაუდო ვინაობა დაადგინა, რომელიც სომხეთის ერთ-ერთ ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. ინფორმაციას “იმედი ნიუსი” ავრცელებს.

“ქართველი სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების, ინტერნეტსივრცის მონიტორინგის და “FACEBOOK” -ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შედეგად, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი მონაცემის გავრცელებისთანავე დადგინდა, რომ “facebook”-ის გვერდით – “buba lomtatidze” – ის სარეგისტრაციო სახელით, სავარაუდოდ სარგებლობდა საქართველოს მოქალაქე დ.ი. მან სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე წლის იანვარში, ინტერნეტ-სივრცეში არაერთხელ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

საქართველოს მოქალაქე დ.ი. მეზობელ ქვეყანაში ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის – მკვლელობისთვის ამჟამად სასჯელს სომხეთის ერთ-ერთ ციხეში იხდის”, – აცხადებენ შსს-ში.

დ.ი.-მ საქართველოს საზღვარი, მეუღლესთან ერთად 2016 წლის ნოემბერში გადაკვეთა. ქართველი და სომეხი სამართალდამცველების თანამშრომლობით საქართველოს მოქალაქის საკნის ჩხრეკისას, ამოღებულია მისი კუთვნილი „samsung”-ის მოდელის მობილური ტელეფონი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას სომეხ კოლეგებთან, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი დააკავა, მათ შორის პირი, რომელმაც “youtube”-ზე კადრები ატვირთა.

loading…


მსგავსი სიახლეები