მენიუ დახურვა

ვწერ უამრავი ადამიანის გასაგონად, განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალბატონების საყურადღებოდ – ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ და ემოციურ წერილს აქვეყნებს, სადაც ის საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ფეხმძიმე ქალბატონებს მიმართავს.

უამრავი ადამიანი მომმართავს სხვადასხვა კითხვით დაუნის სინდრომთან დაკავშირებით, რადგან ისინი ჯერ კიდევ იმ სტიგმების ტყვეობაში არიან, რასაც მე პირადად თავი დავაღწიე. ჰოდა მათ გასაგონად, განსაკუთრებით, ფეხმძიმე ქალბატონების საყურადღებოდ ვწერ ამას:

იყო დრო, როცა ვინმეს გასალანძღად სიტყვა დაუნს ვხმარობდი და არც ვფიქრობდი ამით რამდენ ადამიანს ვტკენდი გულს – ამ სტიგმებში გავიზარდეთ.

მერე ჩემმა აქაურმა მეგობარმა პირადში ამიხსნა რომ ეს ძალიან არასწორი იყო და რაღაცას მივხვდი.

მერე იყო დრო რომ ყველა დაუნის სინდრომიანი მეცოდებოდა და მათ მშობლებს წამებულ გმირებად ვთვლიდი. ასე მოხდა, როცა მაკა ჩიჩუას პატარა თემუკა გაუჩნდა – ეს მეგონა უბედურება და ისე შემეცოდა ბავშვთან ერთად მაკაც და გიორგიც რომ პირობა დავდე, გიორგის არასოდეს შევეხებოდი თუნდაც უმცირესი კრიტიკითაც კი.

მერე, როცა ჩემი პატარები შემობრძანდნენ ჩემს ცხოვრებაში, როგორც მეუბნებოდნენ და მეც ასე ვფიქრობდი, უმძიმესი ავადმყოფები მომყავდა შინ და მხოლოდ ის ვიცოდი რომ ბავშვი მარტო არ უნდა იყოს! მეტი არაფერზე მიფიქრია.– ყველაზე ცუდისთვისაც მზად ვიყავი.

და არის დრო. როცა მე ზუსტად ვიცი რომ არც ჩემს შვილებს და არც მე, და არც არავის არაფერი შესაცოდი არა აქვს – პირიქით – მზის შვილები და მათი მშობლები განსაკუთრებული სითბოთი და სიხარულით დაგვასაჩუქრა განგებამ და ცოდოა ის, ვინც ეს ჯერ კიდევ არ იცის, როგორც მე არ ვიცოდი ადრე.

გვიხაროდეს მზის შვილების დედებს რომ ჩვეულებრივ შვილებთან ერთად არაჩვეულებრივი შვილებიც გვყავს – ძალიან კეთილები, ძალიან ლამაზები და ძალიან მგრძნობიარეები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას აადვილებენ.

ამას ვწერ იმ უამრავი ადამიანის გასაგონად, რომლებსაც ექიმებმა ორსულობის ადრეულ პერიოდში უთხრეს რომ შესაძლებელია დაუნის სინდრომიანი ბავშვი გაუჩნდეს და რომლებმაც არ იციან როგორ მოიქცნენ – თუ თქვენ შვილი გინდათ, იცოდეთ რომ სასწაული გელოდებათ! სანამ არ ნახავთ, კარგად ვერ გაიგებთ რასაც გეუბნებით – უბრალოდ დამიჯერეთ – სასწაული გელოდებათ, რომელიც მთელს თქვენ ცხოვრებას გაათბობს და გააფერადებს. იმ ერთი ზედმეტი ქრომოსომით, რომელიც სულაც არ არის ზედმეტი – პირიქით – ჩვენ გვაკლია.-წერს ირინა სარიშვილი.

წყარო: marshalpress.ge

loading…



მსგავსი სიახლეები