მენიუ დახურვა

ბათუმის პოლიციაში ფარული ჩანაწერების საქმეზე ერთი პირი მოწმის სტატუსით იკითხება

ფარული ჩანაწერები

ბათუმში პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში მოწმის სახით ზაალ ლატარიას გამოკითხვა მიმდინარეობს. საქმე სავარაუდოდ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას ეხება.

ზაალ ლატარიას გამოკითხვის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ‘ქრონიკას’ დაუდასტურა.

‘ქრონიკა’ ლატარიას შვილს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ მამის დაკავება დაახლოებით ერთი საათის წინ, ბათუმში სასტუმრო ‘ორბი პლაზას’ მიმდებარე ტერიტორიასთან მოხდა. ლანა ლატარია დაკავების მოტივზე ვერ საუბრობს, ისევე როგორც ზუგდიდში მცხოვრები მისი ოჯახის სხვა წევრები.

‘მამა ჩემთან ერთად იყო, როდესაც ‘Skoda’ მოგვიახლოვდა. რის საფუძველზე ჩასვეს მანქანაში არ ვიცი. ვიკითხე რატომ ჩასვეს მანქანაში და არაფერი მითხრეს. მამამ მოახერხა და დამიძახა, რომ ბესელიას კადრებს უკავშირდებოდა. მამას ტელეფონი ჩართული ჰქონდა, რომ ველაპარაკე მითხრა, ბათუმის განყოფილებაში ვარო. ვეძებ, ყველა განყოფილებაში ვიყავი და ვერ ვიპოვე. აქაც მეუბნებიან რომ არ არის. მამას არცერთ პარტიასთან კავშირი არ აქვს. მამა ყოფილი სამხედრო პირია. უკრაინაში 2016 წელს იბრძოდა. უკრაინაში რადგან იყო წასული მას მიშას კაცი ხარო ეძახდნენ. არ ვიცი რა ხდება. ვფიქრობ, რომ მამა დაკავებულია’,- თქვა ლანა ლატარიამ.

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის მასობრივად გავრცელების ფაქტზე ბრალდებული 17 პირიდან სამს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო 14-ს გირაო აქვს შეფარდებული.

ბრიფინგზე საპოლიციო უწყებამ მოუწოდა საზოგადოებას შეწყვიტონ ჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება, რადგან ეს დანაშაულია, რომელიც ოთხიდან რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით 1 თებერვალს დეპუტატი ეკა ბესელიაც გამოკითხეს. 

გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად. 

წყარო

დატოვეთ კომენტარი

Загрузка…

მსგავსი სიახლეები