მენიუ დახურვა

ირაკლი ლექვინაძე: „თიბისის“ საქმეზე დიპლომატების ინფორმირება დაგვიანდა

ირაკლი ლექვინაძე

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, „თიბისი ბანკის“ გარშემო პროცესი ბუნდოვნად დაიწყო და ინფორმაციული ნაკადი არასაკმარისი და ქაოტური იყო, რასაც პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა. მისი განცხადებით, ამ ყველაფერმა საბოლოოდ „თიბისი ბანკის“ გარშემო არაჯანსაღი გარემო შექმნა. ამის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა ‘იმედი LIVE’-ს ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით ​ბიზნესასოციაციებისა და დიპლომატიური კორპუსისთვის განმარტებები დაგვიანდა.

„ეროვნული ბანკის ვრცელი განცხადება, რომელიც  მოგვიანებით გავრცელდა, იყო ინფორმატიული და შედარებით ცხადი გახადა ეროვნული ბანკის მოქმედებები და ამ მოქმედების მიზეზები. თუმცა, დღესაც მგონია, რომ დაგვიანდა განმარტებები და ბიზნესასოციაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს სჭირდებათ უფრო მეტი კომუნიკაცია, რადგან ისინი საქმის გარშემო ინფორმაციის დეფიციტზე საუბრობენ“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ლექვინაძის თქმით, საქმე დროულად უნდა გამოიძიონ, რადგან დროში გაჭიანურება სპეკულაციებისთვის მეტ სივრცეს დატოვებს და ბიზნესგარემოს დააზიანებს.

კითხვაზე, უნდა დაეწყო თუ არა პროკურატურას გამოძიება 10 წლის წინანდელ საკითხზე და შეიცავს თუ არა ეს ბიზნესზე ზეწოლის ნიშნებს, ბიზნესომბუდსმენმა განაცხადა, რომ კითხვების არსებობის შემთხვევაში, მარეგულირებლის ვალდებულებაა, საქმე შეისწავლოს.

„ჩემთვის როგორც ბიზნესომბუდსმენისთვის, რომლის მთავარი მოვალეობაც ბიზნესის ინტერესების დაცვაა, მტკივნეულია ნებისმიერი საქმე და პროცესი, რომელიც ბიზნესმენის თუ კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ მიმდინარეობს. საერთოდ ვიქნები ბედნიერი, თუ ასეთი საქმეები არ იქნება. ეს არის საკითხის ჩემი პოზიციიდან ხედვა. თუმცა, თუ კითხვები არსებობს, არის დანაშაულის ნიშნები – ასეთ დროს მარეგულირებელი მოქმედებს. ბუნებრივია, ეს მისი მთავარი ფუნქციაა. ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ზედამხედველი ინსტიტუტი და მას აქვს ვალდებულება, თავისი ზედამხედველობის არეალში მოახდინოს დარღვევებზე რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

წყარო

Loading…


მსგავსი სიახლეები