მენიუ დახურვა

"მე თვითონ ხურვალეთში რუსები არ მინახავს, ლუდა სალიას ვენდეთ" – ქაცარავა

სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან, პოლიციის საგუშაგოსთან სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ აქტივისტები რჩებიან. მოძრაობის წარმომადგენლის, დავით ქაცარავას განცხადებით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და ხვალ ხურვალეთში შესვლას ეცდებიან. იგი არ ენდობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და სუს-ის განცხადებას, რომ საოკუპაციო ხაზთან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

​”ლუდა სალიას არ მიეცა საშუალება, გადაეღო სურათი, როცა რუსები ბაღში იყვნენ. მაგრამ, ამას რომ თავი დავანებოთ, თვითონ ბაღის მეპატრონემ დაადასტურა, რუსები რომ იყვნენ შემოსული. ამას ციხელაშვილის სამინისტროც ადასტურებს, რომ რუსები შემოვიდნენ და გავიდნენ. ასე ღიად არა, მაგრამ ადასტურებენ აქ მყოფი პოლიციელებიც.

ვფიქრობ, რომ ჩემი პოსტი კი არ ძაბავს ხელოვნურად, არამედ, ეს არის რეალობის ასახვა. დღევანდელი რუსების გასვლა ამ ბაღებიდან არის ამ დაძაბვის შედეგი. მთელი დღის განმავლობაში ბინძური კამპანია იყო ჩვენ წინააღმდეგ, გვეძახდნენ პროვოკატორებს“, – განაცხადა ქაცარავამ.

მისი თქმით, რუსები თავად არ უნახავს და ადგილზე მყოფ ლუდა სალიას ენდნენ.

“არ მინახავს რუსები დღეს. ლუდა სალია არის ის ადამიანი, გულმხურვალე პატრიოტი, საღი ადამიანი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია და ჩვენ მას ვენდეთ. ეს ინფორმაცია გამაგრებული იყო ბაღის მეპატრონის ინფორმაციით”, – განაცხადა ქაცარავამ.

loading…


მსგავსი სიახლეები