მენიუ დახურვა

თამარ ჩუგოშვილმა განმარტა როგორ ამზადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარატამენტი ყოველწლიურ ანგარიშს

თამარ ჩუგოშვილი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სხვა ქვეყნებთან ერთად ცალკე საქართველოს ეძღვნება. დოკუმენტში საქართველოს 47 გვერდი ეთმობა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა გადაცემა ‘იმედი LIVE’-ის ეთერში ანგარიშის მომზადების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ-ში საქართველოს მიმართ განწყობა ძალიან პოზიტიურია. მისი თქმით, ყველა ეტაპსა და დონეზე საქართველოს მიმართ განწყობა არის მხოლოდ მხარდაჭერის, ხელის შეწყობის და დახმარების.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში თავს უყრის ყველაფერს, რაც წლის განმავლობაში განიხილება როგორც პრობლემური თემა ადამიანის უფლებების კუთხით. მისი განმარტებით, სწორედ ამიტომ ეყრდნობა ეს ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მიერ წამოწეულ პრობლემურ თემებს. მისი განმარტებით, ანგარიშში შესაძლოა რომ იყოს ფაქტობრივი უზუსტობებიც.

‘ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ის დოკუმენტი, რომელიც სამუშაო მასალად არსებობს. სასურველია, რომ ქვეყანამ გაითვალისწინოს ყოველთვის და ყურადღება მიაქციოს იმ საკითხებს, რომლებიც არის წამოწეული’, – თქვა თამარ ჩუგოშვილმა და აქვე განმარტა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ყოველთვის კრიტიკულია, რადგან პრობლემურ თემებს ეხება. 

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ეს დოკუმენტი არ არის ‘მაკრიტიკებლის და მტრის დაწერილი ანგარიში’:

‘ეს არის მეგობრების ანგარიში, რომლებსაც უნდათ, რომ მათი პარტნიორი ქვეყანა წინ წავიდეს და გადადგას სწორი ნაბიჯები’, – თქვა ჩუგოშვილმა.

პარლამენტის ვიცესპიკერის თქმით, ბუნებრივია, რომ ანგარიშში მოხვდა სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები, რადგან ‘ჩვენ თვითონვე ვიცით, რომ ამ მხრივ, სასამართლოს დამოუკიდებლობის ეფექტიანობის სამართლიანობის კუთხით საქმე ბოლომდეა მისაყვანი’.

თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურ ანგარიშზე:

‘ამაზე მუშაობს სახელმწიფო დეპარტამენტში ე.წ. საქართველოს სამდივნო რომელიც საქართველოზეა მომაგრებული. ის ინფორმაციას აგროვებს ღია წყაროებიდან – მედიიდან და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშებიდან, რომლებიც ქვეყნდება ადგილობრივ მედიაში, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე. თუ მნიშვნელოვანია რამე ინფორმაცია და ეს ინგლისურად არ არის, მაშინ მას საელჩო თარგმნის. ასევე ეგზავნებათ ის განცხადებები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მიერ კეთდება. ეს ინფორმაცია წლის განმავლობაში გროვდება, ანალიზდება და წლის ბოლოს გარდაიქმნება რამდენიმე ათეულ გვერდიან დოკუმენტად’, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა და კითხვის პასუხად დასძინა, რომ ამ პროცესში ქვეყნის მთავრობა არანაირად არ მონაწილეობს. 

წყარო

Loading…


მსგავსი სიახლეები