მენიუ დახურვა

ბესელიას დილემა: „ან ივანიშვილს უნდა დაუპირისპირდეს ან პოლიტიკიდან წავიდეს“

თანდათან სულ უფრო მწვავდება დაპირისპირება „ქართული ოცნების” ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის. „ოცნება” პარლამენტში ოპოზიციას იმდენად აღარ უპირისპირდება, როგორც ყოფილ თანაგუნდელებს. როგორც „რეზონანსთან” ანალიტიკოსები აცხადებენ, თითქოს ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის შეჯიბრობითობას აქვას ადგილი და ვიღაცის საჩვენებელ ბრძოლას მართავენ. ბესელია ყოფილ თანაგუნდელებთან მედიასთან ერთად საჯარო დაპირისპირებას აღარ ერიდება და ვანო ზარდიაშვილს „პატარა ზონდერიც” კი უწოდა. თავის მხრივ ზარდიაშვილმა მიაძახა, რომ მას ხელზე „ფულის სუნი” ასდის.

ამავე დროს, ეკა ბესელია და მისი მომხრეები არ ჩქარობენ „ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებას. რისი იმედი აქვთ მათ? შესაძლებელი იქნება თუ არა ოპოზიციურ ფლანგზე რეალური წარმატების მიღწევა ივანიშვილთან ღია დაპირისპირების გარეშე? თუ მათ პირიქით ივანიშვილთან რაღაცის დამტკიცება სურთ და საერთოდაც მის გადაბირებას ამ ფორმით ცდილობენ.

ბესელია აანონსებს, რომ უზენაესის მოსამართლეებთან დაკავშირებულმა კონფლიქტმა შესაძლებელია ქუჩაში გადაინაცვლოს. ის თანაგუნდელებთან ერთად პარლამენტთან საპროტესტო აქციებისთვის ემზადება.

“ბრძოლის პოლიტიკურ მეთოდებში შედის აქცია, მანიფესტაცია და ა.შ. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკურმა პროცესმა პარლამენტს გარეთაც გადაინაცვლოს. ეს არის რადიკალური მეთოდი, მაგრამ თუკი ბრძოლის სხვა მეთოდი არ იქნება შედეგის მომტანი, მაშინ შეიძლება ესეც დაგვჭირდეს”, – განუცხადა “პრაიმტაიმს” ეკა ბესელიამ.

თუმცა, როგორც ჩანს, გულხელდაკრეფილი არც ხელისუფლება ზის და ვრცელდება ცნობები, თითქოს ბესელიას წინააღმდეგ სს საქმის აღძვრას აპირებენ.

“ფინანსური პირამიდა – დაიწყება თუ არა, გამოძიება, ეკა ბესელიას ძმის წინააღმდეგ?” ამ სათაურით „პრესა.ჯე” სტატიას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ სამართალდამცველები, შესაძლოა, ეკა ბესელიას ძმის, სერგო ბესელიას კუთვნილი კომპანია „დრიმლაინითაც” დაინტერესდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, მანამდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ფოთის მერიაში ჩატარებული ტენდერების კანონიერებას ამოწმებს. ასეთია ოფიციალური განმარტება. თუმცა, არაოფიციალურად ცნობილი ხდება რომ ფინანსური პოლიციის ფოთის მერიაში შესვლის საფუძველი იმ სავარაუდო კორუფციული გარიგებების შესახებ მტკიცებულებების შეგროვებაა, რომელიც ეკა ბესელიას უკავშირდება. ბესელია ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი 2012-2016 წლებში იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, პრკურატურამ, ფინანსური პოლიციის გამოყენებით ბესელიაზე კომპრომატების შეგროვება დაიწყო. პარალელურად, ფინანსური პოლიცია ეკა ბესელიას ძმის კომპანიის შესამოწმებლადაც ემზადება. „ჯგუფი შემოწმებს სხვადასხვა კომპანიებს და ამ შემოწმების ფარგლებში შევა „დრიმლაინიც”, რომლის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი ეკა ბესელიას ძმა, სერგო ბესელიაა. მისი დირექტორი ბესელიების სიძე, იასე ზაუტაშვილია.

ეკა ბესელიამ ბოლო დღეებში არაერთხელ გაიმეორა, რომ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები სასამართლოს “კლანის” ინტერესების დაცვას ცდილობენ. ყველაზე მწვავედ ის პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუნდსა და ხუთ ყოფილ თანაგუნდელს უტევს. ესენი არიან ვანო ზარდიაშვილი, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, სოფიო კილაძე და დავით მათიკაშვილი.

„არ ვიცი, როგორ ახერხებს კობახიძე ბიძინა ივანიშვილის მართვას, რაღაც ზემითიური ძალებით ახერხებს… ქვეყნისთვის სამწუხაროდ, დღეს ბატონი ბიძინა მთლიანად ენდობა კობახიძის ჯგუფს”, – ეს ზვიად კვაჭანტირაძის სიტყვებია. ფაქტია, რომ ეკა ბესალია და მის მომხრეები მწვავე დაპირისპირების მიუხედავად ივანიშვილის ხსენებას და კრიტიკას არ ჩქარობენ და საზოგადოებაში იქცევიან ისე თითქოს ივანიშვილი კობახიძის და მისი მეგობრების ზეგავლენის ქვეშ იყოს.

ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან” აცხადებენ, რომ ადრე თუ გვიან ბესელიას ივანიშვილთან დაპირისპირება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის გულწრფელობას არავინ დაიჯერებს. იგივე მოუწევს „ოცნების” ყველა იმ ყოფილ წევრს, ვისაც პოლიტიკური სიცოცხლის გაგრძელების ამბიცია აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პოლიტიკური გვამები იქნებიან და 2020 წლისთვის არავის აღარ ეხსომება. თუმცა ბესელიას და მის თანამოაზრეებს ამისთვის დიდი გამბედაობა და საზოგადოების მხადაჭერა სჭირდება.

რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების ტაქტიკა სწორად არის შერჩეული, როდესც ისინი საქმეს კიდევ უფრო არ ირთულებენ და ივანიშვილს არ აკრიტიკებენ. ივანიშვილისკენ ხელის გაშვერის აუცილებლობა ბესელიას ჯგუფს არ აქვს, რადგანაც კობახიძის გუნდთან ბრძოლა უფრო ადვილია. ბესელია პირიქით ცდილობს, რომ ივანიშვილს დაანახოს ამ დაპირისპირებლ მხარეებს შორის სიმართლე ვის მხარეს არის.

მისი აზრით, „ოცნებიდან” წამოსული დეპუტატები ცდილობენ, რომ ივანიშვილი პირიქით 2020 წლის არჩევნებისთვის თავისკენ გადაიბირონ და ფსონი მათზე დადონ. საყვარელიძე ამ ტაქტიკას პოლიტიკურად გამართლებულად აფასებს და ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული ე.წ. კობახიძის გუნდის გამოყენების შემდეგ, ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩვნებისთვის სიაში საერთოდ აღარც ვიხილოთ.

„ბესელიას ანგარიშსწორების ობიექტი ახლა კობახიძია, რომლეთან ბრძოლა უფრო მარტივია. რატომ უნდა გაირთულონ საქმე იმით, რომ ივანიშვილს გადასწვდნენ?! მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა კობახიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ გადავიდეს. წინა თავმჯდომარე გვენეტაძე ჩინჩალაძე-მურუსიძის ჯგუფმა აიძულა, რომ გაქცეულიყო. მაშინ გამოდის, რომ თუ ეს ვერსია ახლოს არის სიმართლესთან, კობახიძე იმაზე ზრუნავს, რომ ამ ჯგუფის კეთილგანწყობა დაიმსახუროს და აქედანვე უზრუნველყოს, რომ ის არ დაუპირისპირდეს.

არ მგონია, რომ ივანიშვილს ე.წ. კობახიძის ჯგუფის განეიტრალება უნდოდეს. მას 2020 წლის არჩევნები აქვს გადასაწყვეტი. თუ ეს ვერსია კობახიძის თავმჯდომარედ გადასვლა მართალია, მაშინ მისი პრობლემა ივანიშვილს 2020 წლამდე მოეხსნება და ამიტომაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ახალგაზრდებთან ანგარიშსწორებას არ ჩქარობს. მიუხედავად იმისა, რომ მათ პარტიას ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნეს. არც ის არის გამორიცხული, რომ მათი გამოყენების შემდეგ ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სიაში აღარც შეიყვანოს”, – აცხადებს საყვარელიძე „რეზონანთან”.

მისივე თქმით, არ არის გასაკვირი თუ ბესელიას გუნდი შეეცდება, რომ ივანიშვილმა 2020 წლისთვის ფსონი მათზე დადოს. საყვარელიძე ამბობს, რომ ეს ტაქტიკა ნაწილობრივ თავად ივანიშვილსაც აწყობს. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ თუ მან მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ფსონის დადება ბესელიაზე და „პატრიოტთა ალიანსზე” გადაწყვიტა, ეს საზოგადოებისთვის იმის ნიშანი იქნება, რომ ივანიშვილი 2012 წლის ღირებულებებს და სულისკვეთებას უბრუნდება.

ვახტანგ ძაბირაძე კ ვარაუდობს, რომ ეკა ბესელიას და მისი გუნდის პოლიტიკური ვერტიკალი ყველაზე ადრე – 2019 წლის შემოდგომაზე, ხოლო ყველაზე გვიან – 2020 წლის გაზაფხულზე უნდა გამოიკვეთოს. თუ „ოცნებიდან” წამოსული დეპუტატები დაინახავენ, რომ ივანიშვილმა პირი მათკენ მაინც არ იბრუნდა, მაშინ ისინი მის კრიტიკას დაიწყებენ ან საერთოდ პოლიტიკიდან წავლენ. ძაბირაძე ბესელიას და მისი მომხრეების ტაქტიკას თავს დაესხან , ჩაძირონ კობახიძე და მისი მეგობრები გამართლებულად მიიჩნევს. თუ ბესელია კობახიძის ჩაძირვას შეძლებს, მაშინ დიდია იმის ალბათობა, რომ ივანიშვილმა მათ ბანაკში გადაინაცვლოს.

„ჯერჯერობით ბესელია და მისი თანამოაზრეები ყველანაირად ცდილობენ, რომ ივანიშვილთან მისასვლელი ხიდები არ დაწვან. ამიტომაც მისი მისამართით კრიტიკული განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებენ. ამასთანავე, მათი სამიზნე ჯერ კობახიძე და მისი მეგობრები არიან. ბესელია ფიქრობს, რომ თუ მათ ჩაძირავს, დიდი შანსია, რომ ივანიშვილმა პირი ისევ მათკენ იბრუნოს. სიტუაცია რეალურად აფასებენ, რადგანაც ივანიშვილის გარეშე ჯერჯერობით არცერთი ჯგუფი არაფერს არ წარმოადგენს.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ე.წ. კობახიძის გუნდის მიმართ დიდი სიმპატიით არც „ოცნების” ამომრჩეველი არ გამოირჩევა. ბესელია თავის თანამოაზრეებთან ერთად ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. ერთი მხრივ არ გააკრიტიკონ ივანიშვილი და მისასვლელი გზა დაიტოვეს, მეორეს მხრივ ჩაძირონ კობახიძის ჯგუფი და ასევე გაიჩინონ ამომრჩეველი, რომელიც ამ გუნდის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. არ ვიცი, ბესელიას მიმართ ვინ რა მოკვლევა დაიწყო რეალურად, მაგრამ ამ დაპირისპირების ფონზე მის მიმართ გარკვეული ბრალდებები რომ ისმის, ფაქტია. ჩვენ ასევე ზარდიაშვილის ჟესტიც ვნახეთ, სადაც ის ხელის ფშვნეტიც ამბობს, რომ ბესელიას ხელებზე ფულის სუნი აქვს. ანუ მინიშნებები კეთდება უკვე. თუმცა ბესელიაც ამბობს, რომ მასაც რაღაც კომპრომატები აქვს”, – აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან”.

თუმცა ყველაფრის მიუხედავად ძაბირაძე მაინც არ ელის, რომ ამ ორ ჯგუფს შორის ზღვარგადსული დაპირისპირება დაიწყოს. ანალიტიკოსი არც იმას მიიჩნევს რეალურად, რომ ბესელია ივანიშვილმა ღარიბაშვილის მსგავსად უკან დააბრუნოს. ღარიბაშვილს ივანიშვილი ყველაზე მეტად ენდობა და მსგავსი დამოკიდებულება ბესელიას მიმართ არა აქვს. ასევე წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ბესელიას დაძახილზე ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ეს თამაში გაზაფხულამდე კვლავ გაგრძელდება და ბესელია თავის თანმოაზრეებთან ერთად ქმედით ნაბიჯებზე მას შემდეგ გადავა თუ დაინახავს, რომ კობახიძის გუნდთან ბრძოლა წააგო.

ფოტო: commersant.ge

loading…


მსგავსი სიახლეები