მენიუ დახურვა

ჭავჭავაძეზე დაკავებული აქციის მონაწილეები გაათავისუფლეს

აქცია

ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებული 6 ადამიანი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ისინი საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით იყვნენ დაკავებულები.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. მათი თქმით, ისინი სამომავლო გეგმებზე ინფორმაციას სოციალური ქსელით გაავრცელებენ.

„დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ“ – ამ ლოზუნგით აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყო, შემდეგ მისმა მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს და ჭავჭავაძის 5 ნომერთან შეიკრიბნენ, სადაც 2 მუშა დაიღუპა. 

ამ ტერიტორიაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მათ კახა კალაძის სახლთან გადაინაცვლეს. აქცია ვაკის პოლიციასთან დასრულდა, სადაც დაკავებულები იყვნენ გადაყვანილები.

31 მარტს ჭავჭავაძის 5 ნომერში მშენებარე ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მაშველებმა მიწის მასიდან 25 წლის კაცის ცხედარი მალევე ამოიყვანეს, 8 საათი გაგრძელდა მეორე ცხედრის სამძებრო სამუშაო. ორივე კაცი მიწის რვამეტრიანი მასის ქვეშ იყო მოყოლილი. მიწა სავარაუდოდ იქ ჩამოიშალა, სადაც საძირკველი იყო გაჭრილი. რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

1 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჭავჭავაძეზე მშენებლობის დამკვეთ კომპანიას საქმიანობის უფლება შეუჩერდა, ორ ქვეკონტრაქტორ კონპანიას კი ჯარიმა დაეკისრა.

წყარო

Loading…


მსგავსი სიახლეები