მენიუ დახურვა

გადაწყვეტილება მომზადებულია – საჰაერო დაზვერვა და დიდი რაოდენობის ნატოს გემები შავ ზღვაში

ნატო შავ ზღვაში რუსეთის აგრესიის შესაკავებლად და წესრიგის შესანარჩუნებლად ახალი ზომების მიღებას გეგმავს. კერძოდ, საუბარია, რომ უნდა გაძლიერდეს საჰაერო დაზვერვა და შავ ზღვაში დიდი რაoდენობის სამხედრო ხომალდი გაიგზავნოს. რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომების პაკეტი 4 აპრილს უნდა დამტკიცდეს.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილის თქმით, „ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ნატო-ს შავ ზღვაში გაძლიერებას უპირველეს ყოვლისა უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება უკრაინისთვის და საქართველოსთვის”.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაიას შეფასებით, „ეს ძალიან დადებითი მოვლენაა ჩვენთვის, უკრაინისთვის, თავად ნატო-სთვის, რადგან დღეს რუსეთსა და ნატო-ს შორის ახალი ცივი ომი მიმდინარეობს. ნატო დგამს რადიკალურ ნაბიჯს იმისათვის, რომ რუსეთის სამხედრო თავხედობას დაუსვას წერტილი”.

ვაშინგტონში 3-4 აპრილს ნატო-ს 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მინისტერიალი ტარდება და მინისტერიალის დაწყებამდე გაცხადდა, რომ ალიანსისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რუსული საფრთხის შეკავება გამოიკვეთა, რის გამოც იმსჯელებენ, რომ შავ ზღვაში ნატო-ს სამხედრო ყოფნა გაიზარდოს.

ნატო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ქეი ბეილი ჰაჩისონმა განაცხადა, რომ ალიანსი შავ ზღვაში კონკრეტული ზომების მიღებას გეგმავს – საჰაერო დაზვერვის გაძლიერებას და სამხედრო გემების რაოდენობის გაზრდას.

ჰაჩისონის ინფორმაცით, ეს ზომები ქერჩის სრუტეში არსებული მდგომარეობის გამო გატარდება. მისივე თქმით, რუსეთი რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს და ეს „მიუღებელია”.

„შავ ზღვაში წესრიგის შენარჩუნების მიზნით, ნატოს ქვეყნები საჰაერო დაზვერვის მასშტაბის გაზრდას და ასევე შავ ზღვაში უფრო მეტი ხომალდის გაგზავნას გეგმავენ. ეს პაკეტი მოიცავს საჰაერო დაზვერვას, ასევე შავ ზღვაში ნატო-ს ხომალდების რაოდენობის გაზრდას, რათა გარანტირებული იყოს ქერჩის სრუტეში უკრაინული ხომალდების გადაადგილება”, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

მისივე შეფასებით, ეს ნაბიჯები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის, რომელებსაც შავ ზღვაზე აქვთ გასასვლელი და ნატო-ს მოკავშირეები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ეს წყლები თავისუფალი და გადაადგილებისთვის უსაფრთხოა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რუმინეთს, ბულგარეთს, უკრაინას და ასევე საქართველოს ჰქონდეთ უსაფრთხოება შავ ზღვაზე, როგორც გემებისთვის, ასევე სახმელეთო დაცულობისთვის,” – განაცხადა ქეი ბეილი ჰატჩისონმა.

„არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილის თქმით, ნატო-ს ხელმძღვანელობას თავის დროზე გამოეპარა რუსეთის ფლოტის გაძლიერება და ყურადღება არ მიაქციეს ამ მიმართულებას და ახლა შავ ზღვაში ალიანსის სამხედრო გაძლიერება უპიველესად უდიდესი მნიშვნელობისაა უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოებისთვის.

შავ ზღვის ქვეყნებიდან სამი ნატო-ს წევრია – რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი, ხოლო ორი – უკრაინა და საქართველო თანაუგრძნობს ალიანსს და თითქოს რუსეთი მარტოობაშია, თუმცა, ამის მიუხედავად, რეალურად დღეს შავი ზღვის აკვატორიას რუსეთის შავი ზღვის ფლოტი აკონტროლებს.

“განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და მოსკოვმა ფაქტობრივად ყირიმის ნახევარკუძნული გადააქცია ჩაუძირავ ავიამზიდად და იქ შორს მოქმედი სარაკეტო სისტემები განათავსა.

“აქ არის ერთი მომენტი. მონტრეს კონვენციის შესაბამისად, არა შავი ზღვისპირა ქვეყნებს შავი ზღვის აკვატორიაში სამხედრო ხომალდების 21 დღეზე დიდ ხანს გაჩერება აკრძალული აქვს. ამიტომ, ან ნატო-მ სამ კვირაში ერთხელ უნდა ცვალოს თავისი სამხედრო ხომალდების ესკადრები, ან დაემხაროს თავის წევ ქვეყნებს თავიანთი შავი ზღვის ფლოტების გაძლერებაში, უფრო რუმინეთსა და ბულგარეთს.

“საქართველოსთან მიმართებაში, ნატო რომ დაგვეხმაროს გაუქმებული ფლოტს აღდგენაში, ეს ძალაინ რთულია, თუმცა ამ ეტაპზე მომგებიანი იქნება თუ ალიანსი დაგვეხმარება სანაპირო დაცვის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების გათავსებაში, რომელიც დაიცავდა ჩვენს ძირითად სტატეგიულ პორტებს, ბათუმს, ფოთს და ანაკლიას, ასევე დაიცავდნენ დესანტსაშიში სანაპიროებს, სადაც აზღვაო დესანტის გადმოსმის საშიშროებაა,”- აცხადებს ალადაშვილი.

მისი თქმით, ნატოს გაძლიერების საპასუხოდ რუსეთსაც ექნება რეაქცია, დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო ცივი ომის დროს და შესაძლოა ინციდენტებიც მოხდეს, მაგალითად ისეთი, როგორცი იყო 1985 წელს. როცა საბჭოთა კავშირის და აშშ-ის გემები ერთმანეთს შეეჯახა.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაის თქმით, ჯერ კიდევ 2014 წლის უელსის სამიტზე ითქვა, რომ შავ ზღვაში კოალიციური მუდმივმოქმედი დაჯგუფება უნდა შექმნილიყო, შემდეგ 2016 წელს ვარშავის სამიტზე კონცეფციაც შემოიტანეს, თუმცა, მაშინ თურქეთმა თავი შეიკავა და ეს დაიბლოკა. ახლა კი, როგორც ჩანს, ეს ინიციატივა 4-ში დამტკიცდება.

„თუ, ეს ინიციატივა მიიღეს, ეს ჩვენთვის ძალიან კარგია. ეს იქნება რეალური ძალა, რომელიც შეძლებს ჩვენი იმ უარყოფითი მხარის კომპენსირებას, რომ არ გვყავს არც საზღვაო-სამხედრო ძალები, არც სანაპირო დაცვის სახეობის ჯარები.

“მეორე, ეს იქნება ჩვენი საპორტო კომუნიკაციების დაცვის გარანტია და მესამე მომენტი ის იქნება, რომ რუსეთის თავხედურ ქმედებას, რომელსაც უკრაინისა და საქართველოს მიმართ ახორციელებს, იმედია, რომ ბოლო მოეღება. ამდენად ნატო-ს გაძლიერება შავ ზღვაში ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობისაა,”- ამბობს მაისაია.

მისივე თქმით, ისიც უნდა ვთქვათ, რომ რუსეთსაც ექნება საპასუხო რეაქცია და შესაძლოა პირდაპირ კონფრონტაციაზეც წავიდეს, როგორც მოხდა ეს ცივი ომის დროს.

„1985 წელს საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ორი ხომალდი პირდაპირ დაეჯახა აშშ-ის სამხედრო ფლოტის 2 გემს და ამან მაშინ სერიოზული გამოიწვია. დიდი ალბათობაა, რომ პუტინის რეეჟიმი ასეთ პროვოკაციაზე წავიდეს.

“რუსეთი ახლა არ არის საზღვაო დიდი „დერჟავა”, მაგრამ პოტენციალი გააჩნია და პროვოკაციები შეიძლება მოაწყოს. თუმცა, ნატო-ს ეს ქმედება ძალიან გასახარია, რომ ნატო დგამს რადიკალურ ნაბიჯს იმისათვის, რომ რუსეთის სამხედრო თავხედობას დაუსვას წერტილი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური ჩვენთვის , “- ამბობს მაისაია.

loading…


მსგავსი სიახლეები