მენიუ დახურვა

ქარელში ოჯახი სახლს საკუთარი ხელით ანგრევს: „ვიცოდი, რომ ეშმაკი იყო. საშინელ დღეში მაგდებდა"

ქარელის რაიონის სოფელ საღოლაშენში მცხოვრები ხარაზიშვილები სახლს, რომელიც თანასოფლელისგან 1991 წელს შეიძინეს, რამდენიმე დღეა საკუთარი ხელით ანგრევენ.

სახლის დანგრევის მიზეზი უჩვეულო და ანომალიური მოვლენები გახდა.

ხარაზიშვილები ირწმუნებიან, რომ ყველაფერი ორი თვის წინ დაიწყო, როდესაც ოჯახის წევრებმა 18 წლის ლავრენტის უცნაური ქცევები შენიშნეს.

“ვერაფრით ვიგებდით რა დაემართა, აბსოლუტურად შეიცვალა, მეგონა, რომ ჩემი შვილი არ იყო. საშინლად აგრესიული გახდა, როცა აგრესიას ავლენდა, მისი დაჭერა 5 ადამიანსაც კი არ შეეძლო… შეიძულა სანთელი, ეკლესია, უცნაურ ხმებს გამოსცემდა. წავიყვანეთ ექიმებთან, თუმცა, ვერაფერი გაუგეს, ბოლოს კი ვიფიქრეთ, რომ ფსიქიკური პრობლემები დაეწყო და ფსიქიატრთანაც გვყავდა, მაგრამ ყველა აღნიშნავდა, რომ ბავშვს უცნაური რაღაც ჭირდა.

ბოლოს ჩვენი სოფლის ეკლესიის მღვდელმა გვითხრა, რომ ლავრენტი ბოროტისგან იყო შეპყრობილი. როდესაც მოძღვარმა ეპარქიის ხელმძღვანელის, მეუფე იობის კურთხევით კვეთებულის ლოცვების წაკითხვა დაიწყო, ლავრენტი ისეთ წინააღმდეგობას უწევდა, რამდენიმე ადამიანი ცდილობდა მის დაკავებას. სწორედ ლოცვებით გამოვიდა ამ მდგომარეობიდან…” – იხსენებს საუბარში ლავრენტი ხარაზიშვილის დედა ლალი მღებრიშვილი.

მისივე თქმით, 18 მარტს ანალოგიური პრობლემები თავადაც შეექმნა.

“ჩემი მდგომარეობა რომ დეტალურად აღვწერო, ალბათ არც დამიჯერებს ხალხი… პირდაპირ მესაუბრებოდა ბოროტი ძალა, შავებით შემოსილი, სუსტი, მაღალი აღნაგობის… ვიცოდი, რომ ეშმაკი იყო. საშინელ დღეში მაგდებდა, მაიძულებდა ჩემი შვილისთვის ეკლესიაში წასვლაში ხელი შემეშალა… სანთელი, ეკლესია, ლოცვა – მაშინებდა ეს ყველაფერი. მინდოდა ტაძარში შევვარდნოდი ბავშვს და იქიდან გამომეთრია, რომ არ ზიარებულიყო”, – ამბობს ლალი მღებრიშვილი.

მისი გადმოცემით, სახლის ადგილას წარსულში სასაფლაო იყო, საფლავის ქვები კი ახლაც შემორჩენილია. ამოუხსნელ მოვლენებს ოჯახის სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს, რის გამოც სახლის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღეს.

(ამბები.ჯი)

Loading…


მსგავსი სიახლეები