მენიუ დახურვა

ჯიბეში გვიხტებიან… არ ყოფნით, ვეღარ ძღებიან – ტაქსის მძღოლები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან

თუ კონკრეტულ ვადაში დედაქალაქის მერი ახალი რეგულაციების გადავადებასთან დაკავშირებით ტაქსის მძღოლების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ისინი პერმანენტული მჯდომიარე აქციებით იმუქრებიან.

ტაქსის მძღოლებმა მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს. მათ დიღმიდან ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლის მიმართულებით მსვლელობა მოაწყეს. ავტოკოლონას ივანიშვილის რეზიდენციასთან პოლიციის მრავალრიცხოვანი კორდონი და ევაკუატორები დაახვედრეს. აქციის მონაწილეები რეგულაციების 2 წლით გადაწევას ითხოვენ.

თბილისის მერი კახა კალაძე კი მძღოლების ულტიმატუმსა და პროტესტს პასუხობს. ამბობს, რომ რეფორმის გადავადება არ მოხდება და ის აუცილებლად განხორციელდება.

ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა სოციალური მდგომარეობა, ამ ყველაფრიდან გამოვედით და მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ ტაქსის მძღოლებისთვის დატვირთვა არ ყოფილიყო, ამის შესახებ თბილისის მერმა ქრონიკის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აზრი იმის შესახებ, რომ თეთრი ფირი ან საღებავი აზიანებს მანქანებს, არის სიცრუე.

პირიქით, ფირი იცავს მანქანას კენჭებისგან და სხვადასხვა დაზიანებისგან, აღნიშნა კალაძემ.

მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ტაქსების მძღოლებს ავტომობილების გადაღებვის ან თეთრი ფირის გადაკვრის არჩევანი მიეცათ, თუმცა მძღოლები ამას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ მარჯვენასაჭიანი ავტომობილისთვის ტაქსის ლიცენზიის მიღების აკრძალვას. მათი თქმით, მიუღებელია გადაღებვაც და თეთრი ფირის დაკვრაც, რადგან ეს მანქანებს ფასს დაუგდებს და გაყიდვა იაფად მოუწევთ.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ტაქსის მძღოლების აქცია დასრულდა, თუმცა მათი ნაწილი პროტესტს საკრებულოსთან გააგრძელებს. რეზონანსთან ისინი აცხადებენ, რომ საბანკო ვალდებულებები აქვთ, რის გამოც აღნიშნულ რეგულაციებს ვერ გაწვდებიან და იძულებულები გახდებიან, რომ ავტომობილები გაყიდონ. მათი აზრით, ამ რეგულაციებს შემდეგ ის მოჰყვება, რომ მათ ავტომობილებში მრიცხველს დაუყენებენ და საფინანსო შენატანს მოსთხოვენ. ისინი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას ბიძინა ივანიშვილს სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის სახლთან მჯდომარე აქციას არ გამორიცხავენ.

მძღოლები კალაძეს მოუწოდებენ მოსახლეობას, რომელსაც პურის ფული უჭირს, ჰკითხოს, აქვს თუ არა მნიშვნელობა რომელი ფერის ტაქსით იმგზავრებს.

მოვითხოვთ, რომ ეს რეგულაციები 2 წლით გადაგვივადონ. ძალიან ბევრი პრობლემები და ვალები გვაქვს. ზოგი მთელ ოჯახს ამ ტაქსის ფულით არჩენს. ამათსავით ხომ პრემიები და დიდი ხელფასები არ გვაქვს. ხომ მოვიყვანეთ ხელისუფლებაში, ხომ ვენდეთ, ახლა ყელში ხელს ჩვენ გვიჭერენ?! აღარ უნდათ, რომ ხელისუფლებაში ისევ დარჩნენ? ბიზნეს-ცენტრები აქვთ აშენებული, ბიზნესები აქვთ, წილები აქვთ და გაჭირვებულ ხალხს არ უყურებენ. ბიძინამ აირიდა, ჩააბარა პოლიტიკა?! ჰოდა გამოდით ახლა და პასუხი გაგვეცით. მაშინ ივანიშვილმა გვითხრას, რა ხდება. ჩვენ ის მოვიყვანეთ ხელისუფლებაში და არა ესენი.

“რას აკეთებენ? ხალხს ჯიბეში გვიხტებიან და ხელებს გვიყოფენ, არ ყოფნით, ვეღარ ძღებიან. დღეს გაგვაკრასკინეს, ხვალ სოჩიკს ჩაგვიყენებენ მანქანაში და საფინანსოს შეტანას მოგვთხოვენ. რითი ვიცხოვროთ, რითი ვიარსებოთ ? ერთმა ადამიანმა რამდენი გავაკეთო. სახლში 6 ადამიანს ვარჩენ, სამუშაოები არ არის. გამოვიდნენ გარეთ და ხალხს პასუხი გასცენ. შეგვეშვან ამ გაჭირვებულ ხალხს, თორემ საკადრის პასუხს მიიღებენ -აცხადებს რეზონანსთან აქციის მონაწილე ლერი გვაზაური.

საღამოსკენ ტაქსის მძღოლების გამაფრთხილებელი აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ივანიშვილის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. მათ სოლიდარობა ლეიბორისტულმა პარტიამ გამოუცხადა. ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ დედაქალაქის მერმა უნდა დაიწყოს მათთან და არა ცალ-ცალკე ჯგუფებთან მოლაპარაკება, როგორც ეს ოთხშაბათს გააკეთა, როდესაც საინიციატივო ჯგუფის ნაწილს შეხვდა.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ გადაღების ვალდებულება საბოლოოდ გაუქმდეს, ამასთანავე მარჯვენასაჭიან მანქანებს მიეცეს საშუალება გააგრძელოს საქმიანობა და მგზავრის აყვანა შეეძლოს ყველა მძღოლს ქუჩიდან. გუშინ გვიან საღამოს იყო შეხვედრა ტაქსის მძღოლთა ნაწილთან და მათთანაც კი ვერ მოხერხდა შეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში დღევანდელი ბრიფინგის სახით კი არ გააჟღერებდნენ, აი, ამ ასე ვთქვათ ინიციატივას, არამედ ადგილზევე, დასრულებისთანავე გაკეთდებოდა განცხადება და მერიას ვერავინ დაასწრებდა ამ ინფორმაციის გავრცელებას. კვლავ და კვლავ კალაძეს მოვუწოდებთ, მძღოლებთან, მათ წარმომადგენლობით ჯგუფთან და არა ცალკეულ ელემენტებთან მოახერხოს შეთანხმება, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

loading…


მსგავსი სიახლეები