მენიუ დახურვა

გია გულორდავა პროკურატურას მიმართავს ლაშა გოგია გაათავისუფლოს

გია გულორდავა

საქალაქო სასამართლო ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიასა და ვიცემერის გია გულორდავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. ყოფილმა ვიცემერმა, ბრალდებულმა გია გულორდავამ სასამართლო სხდომაზე პროკურატურას მიმართა, მისი პატიმრობის სანაცვლოდ ლაშა გოგია გაათავისუფლონ.

„თუ მძევალი სჭირდება პროკურატურას, მე დავრჩები პატიმრობაში და გთხოვთ, ლაშა გოგია გაათავისუფლოთ. მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია არანაირ მოლაპარაკებაში“,- მიმართა გია გულორდავამ მოსამართლეს.

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი პირველ ნოემბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცემერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.

დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად 2 ნოემბერს წარუდგინეს.

დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის’ საქმიანობის შესწავლა 16 აგვისტოს დაიწყო.

სტატიის გაგრძელებაწყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.