მენიუ დახურვა

ნინო ჯავახაძე – მაღალი რისკის შემცველი მძღოლების იდენტიფიცირებისთვის საპატრულო პოლიციას ნომრის ამომცნობი პორტატული მოწყობილობები ექნება

ნინო ჯავახაძე - მაღალი რისკის შემცველი მძღოლების იდენტიფიცირებისთვის საპატრულო პოლიციას ნომრის ამომცნობი პორტატული მოწყობილობები ექნება

მაღალი რისკის შემცველი მძღოლების იდენტიფიცირებისთვის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს ნომრის ამომცნობი პორტატული მოწყობილობები ექნებათ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, სადაც საგზაო უსაფრთხოების კუთხით სამინისტროს კამპანიასა და დაგეგმილი სამოქმედო გეგმის შესახებ საუბრობდა.

გადაცემის წამყვანმა მინისტრის მოადგილეს ავტომანქანების ნომრის ამომცნობ მობილურ სისტემებზე ჰკითხა, რომლის დანერგვას შინაგან საქმეთა სამინისტრო წლის ბოლომდე აპირებს.

„ეს არის მთელ მსოფლიოში, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში აპრობირებული პრაქტიკა. საუბარია ასეთ პორტატულ მოწყობილობებზე, რომლებიც მაგრდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მანქანებზე და შესაბამისად, მოძრაობის პროცესში, არეალში ხვდება სხვადასხვა მანქანების სანომრე ნიშნები და ხდება მაღალი რისკის შემცველი მძღოლების იდენტიფიცირება. მაგალითად, საუბარია მძღოლებზე, რომელთაც შეჩერებული აქვთ მართვის მოწმობის მოქმედება. შესაბამისად, მოხდება გადამოწმება, ხომ არ მართავს იმ კონკრეტულ ავტომობილს ისევ ის მძღოლი, ასევე, სხვა ტიპის ხშირ დარღვევებში მხილებული მძღოლების გამოვლენა. ანუ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემასთან ერთად, საპატრულო პოლიციისთვის კიდევ ერთი ბერკეტი იქნება, რომ წესრიგი დამყარდეს და წესრიგი იქნეს უზრუნველყოფილი ჩვენს გზებზე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კითხვაზე, ხომ არ აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ისეთი პლატფორმის დანერგვას, სადაც მოქალაქეები შეძლებენ სამართალდარღვევის ფოტო ან ვიდეო მტკიცებულებით დაფიქსირებას, ნინო ჯავახაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობს და შესაბამისი აპლიკაციის დანერგვა წლის ბოლომდე იგეგმება.

„ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენი დღეს წარმოდგენილი გეგმის ნაწილია ე.წ. „კრაიმ-სტოპერის“ აპლიკაცია, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც შეესწრება გარკვეულ სამართალდარღვევას, შეეძლება ვიდეო და ფოტო გადაღების გზით, ამ აპლიკაციის მეშვეობით ატვირთოს ეს სამართალდარღვევა და შესაბამისად, პოლიცია უკვე მოახდენს ამაზე რეაგირებას. ეს მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ უკვე წელს დაინერგება“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

Loading…


მსგავსი სიახლეები