მენიუ დახურვა

ბორჯომის ხეობაში კვლავ ხანძარია ადგილზეა 150 მეხანძრე, ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

ადგილზე იმყოფებიან თბილისის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 150-მდე მეხანძრე-მაშველი. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, შერეული ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის შესახებ შეტყობინება დღეს შემოვიდა. ცოცხალი ძალა და საჰაერო ტექნიკა მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ორივე კერასთან მუშაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: marshalpress.ge

Loading…


მსგავსი სიახლეები