მენიუ დახურვა

სკანდალი! ჩაი, რომელიც აბრუებს – რას ასმევენ კაზინოებში მოთამაშეებს?

თბილისში მდებარე ტიბეტური მედიცინის ცენტრის ყოფილი ექიმ-კონსულტანტი ირწმუნება, რომ ჩაის ექსტრაქტი, რომელიც ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია, თავადაც დააგემოვნა და რამდენიმეკვირიანი მიღების შემდეგ, ჰალუცინაციები, თავის ძლიერი ტკივილი და მომატებული გაღიზიანება აღენიშნებოდა. რამდენიმე დღეში ის ჩაიზე დამოკიდებული გახდა. ამისათვის ინფექციონისტების დახმარება დასჭირდა.

“იქ მისვლის დღიდანვე ტრადიციასავით იყო, ყველა თანამშრომელი ტიბეტურ ჩაის სვამდა. მათ შორის ვიყავი მეც. მე კომპანიის პროდუქციის დანიშვნა და გასაღება მევალებოდა. მართალია, ჩაის ეძახიან, მაგრამ რეალურად ფხვნილის სახითაა დაფასოებული. მისი მოხმარებიდან რამდენიმე დღეში მივხვდი, რომ ჰალუცინაციები დამეწყო, ჩაის შემდგომ მიღებამდე თავი ძალიან მტკიოდა ხოლმე. გარდა ამისა, იმდენად ძლიერი დამოკიდებულება გამიჩნდა ნაყენის მიმართ, როგორც ნარკომანებს სჩვევიათ ხოლმე ნარკოტიკზე. ამ ნაყენის დალევიდან რამდენიმე წამში რობოტი ვხდებოდი. დაღლას, დროსა და სივრცეს ვერ აღვიქვამდი, სხვა რამეზე ფიქრი ან შიმშილი არ მაწუხებდა.

ერთხელაც კლიენტი მოვიდა და 4 კგ-მდე ნაყენის მასალა იყიდა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიკვირდა, რადგან დღეში 2-3 გრამი შეიძლებოდა მოეხმარა ერთ ადამიანს. როგორც აღმოჩნდა, კლიენტი ერთ-ერთი ცნობილი კაზინოდან იყო. თანამშრომლებმა მითხრეს, რომ ამ ექსტრაქტს თბილისის ყველა კაზინო ყიდულობს.

მივხვდი, რომ როგორც მე მეჩქარებოდა სამსახურში მისვლა, რადგან ჩაი დამელია და დავმშიდებულიყავი, სხვა არაფერი მინდოდა ჩაის გარდა. დარწმუნებული ვარ, ასე არიან თამაშდამოკიდებული ადამიანებიც, რომლებიც სათამაშო დაწესებულებებში უსასყიდლოდ სვამენ ჩაისა და ყავას. მივხვდი, განსაკუთრებულად რატომ უზიანდებათ ფსიქიკა და რა საშინელ მდგომარეობაში არიან ისინი.

დუმილის დარღვევა გაუბედურებული ლუდომანებისა და მათი ოჯახების გაფრთხილების მიზნით გადავწყვიტე. იცოდეთ, ჩაისა და ყავას რასაც თქვენ სათამაშო დაწესებულებებში სვამთ, ძლიერ მოქმედი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა. ამიტომ, სასწრაფოდ ინფექციონისტებს მიმართეთ, – აცხადებს წყარო.

ბუნებრივია, “პრაიმტაიმმა” იმ კაზინოსაც მიმართა, რომელზეც წყარო მიუთითებდა. სათამაშო დაწესებულების მარკეტინგის სამსახურის უფროსმა კითხვაზე – ასმევენ თუ არა VIP კლიენტებს ტიბეტურ ჩაის ექსტრაქტს – პასუხის გასაცემად ჯერ დრო ითხოვა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ვინაიდან მენეჯერი ადგილზე არ არის, ამას ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს.

პრაიმტაიმი

loading…


მსგავსი სიახლეები