მენიუ დახურვა

გარღვევა სარალიძის საქმეში – სასამართლომ დაადასტურა, რომ ყველა მკვლელი დაჭერილი არ არის

ნაწილობრივ აღდგნილი სამართალი – დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ სააპელაციო სასამართლომ ერთი პირი – გ.ჯ. სცნო, თუმცა ასევე დაადგინა, რომ ამ მკვლელობაში მხოლოდ ის არ მონაწილეობდა და ეს დანაშაული ჯგუფურად არის ჩადენილი, სხვა დამნაშავეთა ვინაობა კი დასადგენია.

ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა, – ასე გამოეხმაურა დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, მას პირველად გაუჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი შეიძლება აღდგეს.

პირველად გამოჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოოდ სამართლის აღდგენას, ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა. ბრძოლა გრძელდება ისევ, ბოლომდე. არავინ იფიქროს, რომ ან მოვდუნდები, ან გვერდზე გავიწევი. ბრძოლა იქნება ბოლომდე. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ აქვთ ძალიან ცოტა დრო დარჩენილი. ეს ბრძოლა არ გაჩერდება. არავის არაფერს არ შევარჩენ, – ამბობს სარალიძე.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის საჩივრები არ დააკმაყოფილა, ხოლო ბრალდების მხარის საჩივრების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ პირებთან ერთად. ხოლო, რაც შეეხება, გ.ბ.-ს, სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაუმძიმა და თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 3 თვით მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ გ.ბ.-სთან მიმართებით პირველი ინსტანციის განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში უცვლელი დატოვა.

ზაზა სარალიძის ადვოკატის ნესტან ლონდარიძე რეზონანსთან აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ გ.ჯ.-მ სარალიძის მკვლელობა ჯგუფურად, დადუდგენელ პიებთან ერთად განახორციელა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება აჩენს იმის იმედს, რომ შესაძლოა საქმეში სხვა პირების ვინაობა გამოძიებით დადგინდეს. ადვოკატი აცხადებს, რომ სამართალი ნაწილობრივი მიღწეულია, თუმცა ბრძოლა კვლავ გრძელდება.

ლონდარიძე ამბობს, რომ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, პასუხისმგებლობა კი პროკურატურას ეკისრება, რომელმაც 12 ჭრილობით მოკლული მოზარდის მკვლელი ვერ დაადგინა. ადვოკატის თქმით, საქმეში გამოძიება მიზანმიმართულ შეცდომებს უშვებს, ხოლო სასამართლო აღმოჩნდა ის ერთადერთი ორგანი, რომელიც პროკურატურის შეცდომებზე თვალის დახუჭვას არ აპირებს.

რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვეთანხმებით და ვფიქრობთ, რომ სამართლის აღდგენა ნაწილობრივ მოხდა, თუმცა სარალიძის მკვლელები კიდევ დაუსჯელები არიან. სასამართლომ დაადგინა, რომ გ.ჯ.-მ სარალიძის მკვლელობა ჯგუფურად, დაუდგენელ პირებთან ერთად ჩაიდინა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სარალიძის კიდევ შესაძლოა რამდენიმე მკვლელი გარეთ დადის.

სასამართლომ თავის თავზე აიღო დიდი როლი. მან სრულად მიუთითა პროკურატურას, რომ გამოუძიებელია საქმე, მას დაუდგენელი პირები ჰყავს საქმეში და არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს,რომ ეს დაუდგენელი პირები დადგენილად ექცია.

არაერთი დარღვევა ფიქსირდება საქმეში და ეს არ არის შეცდომები, ეს არის მიზანმიმართული დარღვევები. თუმცა, იმედი გაგვიჩნდა და დაველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ მოქმედებებს. ასევე იმ მოკვლევას, რომელმაც ამ საქმეში თანამდებობის პირების მონაწილეობა უნდა დაადგინოს, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ რეზონანსთან.

რაც შეეხება სასამართლოს განცხადებას, რომ მიხეილ კალანდია არა სანდო მოწმეა, სარალიძის ადვოკატი ამბობს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კალანდიას ირგვლივ გაჩენილი კითხვები მისი საქმეში მონაწილეობის შესახებ რეალურია. ლონდარიძე ფიქრობს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შემდეგ პროკურატურას მოუწევს შეაფასოს მიხეილ კალანდიას სავარაუდო მონაწილეობის ნიშნები დანაშაულში.

ხორავას საქმეს თუ დეტალურად აღვადგენთ, სარალიძის საქმეზე არაერთი პირის მიმართ სავარაუდო დანაშაული იკვეთება. დ.ღ, ვიცით, რომ ცრუ ჩვენებისთვის პასუხს აგებს, მაშინ ჩნდება კითხვა – იგივე ბრალდებით რატომ სხვ პირებიც არ არიან დაკავებული? საქმეში არსებობს გარკვეული მტკიცებულებები და ეჭვები, რომ სარალიძის მკვლელობაში ერთის გარდა კიდევ მინიმუმ მეორეც მონაწილეობდა. თუმცა ორზე მეტი გამორიცხული არ არის, მაგრამ ამის მტკიცებულებები ჯერჯერობით საქმეში არ გვაქვს, – აცხადებს ადვოკატი რეზონანსთან.

გ.ჯ.-ს ადვოკატი ტარიელ ნაკაიძე რეზონანსთან ამბობს, რომ არ გამართლდა ბრალდების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ორივე მსჯავრდებულს – გ.ბ.-საც და გ.ჯ.-საც ჰყავდა ერთდროულად ჯგუფურად მოკლული დავით სარალიძე. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება გ.ჯ.-სთან დაკავშირებით აბსურდია და არანაირი მტკიცებულებებით გამყარებული არ არის.

მისი თქმით, სარალიძის მკვლელების ვინაობა კვლავ დადგენილი არ არის და ისინი თავისუფლები არიან. ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ საქმე არ არის სწორად გამოძიებული და საგამოძიებო ორგანომ პასუხისგებაში რეალური დამნაშავეების მისაცემად არაფერი გააკეთა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გ.ჯ. სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე არ არის. მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გ.ჯ. ვერ შეძლებდა იმ დანით და იმ ჭრილობებით დავით სარალიძის მოკვლას და ეს მკვლელობა არის ჯგუფურად ჩადენილი.

დავით სარალიძის მკვლელობაში სხვა პირებიც მონწილეობდნენ, რომელთა ვინაობა უცნობია. ეს არის ცალსახა და პირდაპირი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ვაპელირებდით, რომ რეალურად დამნაშავე პირები, ვინც მოკლეს დავით სარალიძე, არიან თავისუფლებაში და არ არიან მიცემული პასუხისგებაში. თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან დაკავშირებით მუხლის დამძიმებას და მის მკვლელად ცნობას არ ვეთანხმები.

საგამოძიებო ორგანო ვალდებულია, პასუხისგებაში მისცეს დანაშაულის ჩამდენი პირები იმისთვის, რათა ამ საქმეზე სამართალმა იზეიმოს. ასავე აუცილებლად უნდა დიაწყოს გამოძიება კალანდიასთან დაკავშირებით, რადგანაც ის მოსამართლეებმა არასანდო მოწმედ მიიჩნიეს. იქნებ ახლა მაინც მოეგონ გონს და ამ მკვლელობას ნათელი სურათი მოეფინოს, – განაცხადა ნაკაიძემ რეზონანსთან.

ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურორი, თორნიკე ნადირაძე ჟურნალისტებთან საუბარში ეხმაურება და ამბობს, რომ სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ამაზე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, როდესაც გადაწყვეტილების დასაბუთებას გაეცნობა.

ბრალდების მხარის შუამდგომლობა და საჩივარი ნაწილობრივ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული. კერძოდ, თბილისის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების საფუძველზე, გ.ჯ ცნობილი იყო დამნაშავედ მკვლელობის მცდელობის ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ შეცვლილ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება და გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დასრულებული ჯგუფური მკვლელობისთვის, – განაცხადა ნადირაძემ.

პროკურორმა ასევე თავი შეიკავა სააპელაციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების შეფასებისგან, რომლის მიხედვითაც პროკურატურის მთავარი მოწმე, მიხეილ კალანდია არასანდო მოწმედ არის ცნობილი.

მან კითხვა უპასუხოდ დატოვა კითხვა, დაიწყება თუ არა სამართლებრივი პროცედურები მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ კი შს სამინისტროში განცხადება გაკეთდა. როგორც მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, შს სამინისტრო განახორციელებს გადაწყვეტილების აღწერილობისა და სამოტივაციო ნაწილში არსებული გარემოებების გათვალისწინებით შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს. ბორცვაძე არ აკონკრეტებს, დაინტერესდება თუ არა გამოძიება მიხეილ კალანდიათი. ადვოკატების ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ მიხეილ კალანდია არასანდო მოწმედ სცნო.

Loading...

მსგავსი სიახლეები