მენიუ დახურვა

ზაზა სარალიძე: მთავარია გამოძიება სწორ გზაზე დადგა, სამართლიანობა ნაწილობრივ აღდგენილია

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, სამართლიანობა ნაწილობრივ აღდგა. მისი განმარტებით, ნაწილობრივ იმიტომ რომ უნდა გამოიკვეთოს ყველა პირი, ისინიც ვისაც გამოძიების ეტაპზე რაიმე სახის სამსახურებრივი გადაცდომა შეიძლება ჰქონდეს. ამის შესახებ ზაზა სარალიძემ გადაცემა “პირისპირ”-ის ეთერში განაცხადა.

“ვნახოთ როგორ დაუმტკიცებს წაყენებულ ბრალს პროკურატურა, რომელსაც მიხეილ კალანდიას აქამდე ადვოკატირებას უწევდა.

ყველა უნდა გამოიკვეთოს აბსოლუტურად, ვინ რა დანაშაული ჩაიდინა და ვის რა დანაშაულებრივი წვლილი მიუძღვის, არამარტო ფიგურანტები არამედ გამოძიების ეტაპზეც ვინ რა დანაშაული ჩაიდინა. აუცილებლად მივადევნებთ თვალყურს ამ გამოძიებების ეტაპებს და არავინ არ მინდა იფიქროს, რომ ამით საბოლოო სამართალი აღდგა ან ზაზა სარალიძე გვერდზე გაიწევა და ბრძოლას არ გააგრძელებს”,- თქვა ზაზა სარალიძემ.

მოკლული მოზარდის მამის თქმით, მას ამ წელიწადნახევრის განმავლობაში პირველად გაუჩნდა შეგრძნება, რომ საქმეზე აუცილებლად დადგება ჭეშმარიტება და ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების გამო მადლობას იხდის.

“მთავარია გამოძიება სწორ გზაზე დადგა, ეს უმნიშვნელოვანესია. აბსოლუტურად ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვებით ბოლომდე, რომ ამ საქმეზე ჭეშმარიტება იყოს დადგენილი.

ეს ჭეშმარიტება მხოლოდ და მხოლოდ ზაზა სარალიძეს არ სჭირდება, ეს სჭირდება საზოგადოებას და მომავალ თაობას, რომ ასეთი პრეცედენტები აღარ განმეორდეს”, – თქვა ზაზა სარალიძემ.

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია დღეს დააკავეს.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

loading…



Loading…


მსგავსი სიახლეები