მენიუ დახურვა

სანდრა რულოვსისა და ნიკა მელიას დაპირისპირების უცნობი დეტალები – გაათრიეთ ეს კაცი აქედან…

არჩევნების დასრულების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები შეჯერდნენ იმაზე, რომ ხმამაღლა ჯერ არაფერზე ისაუბრებენ და იქ ახლა შიდა გარჩევები მიმდინარეობს. ზუგდიდში დამარცხებიდან რამდენიმე საათში ერთად შეკრებული ლიდერები დაშვებულ შეცდომებზე საუბრობდნენ, როცა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ხმამაღლა განაცხადა – ახლა მაინც დაიჯერეთ, რომ მიშას ტაქტიკა არ არის სწორი და ის დედაკაციც იმიტომ შემოგვტენა, რუსთავი 2-ის გადამკიდეს, რეალობის შეგრძნება დაკარგული აქვს და ეგონა, ზუგდიდს უეჭველი ვიგებდითო. ეს ყველაფერი ოთახში იმ დროს შესულმა სანდრამ გაიგო.

გაათრიეთ ეს კაცი აქედან, ასეთი იყო სანდრას რეაქცია და პრაქტიკულად მოწოდება, რომ ოპოზიციის ლიდერებს მელია ოთახიდან გაეგდოთ, მაგრამ არავინ განძრეულა. ყველა ხვდება, რომ რაღაც შესაცვლელია, მაგრამ კონკრეტულად რა, არავინ იცის. საზოგადოებაში მელიას ვერ აქვს ისეთი ავტორიტეტი, რომ მიშა ჩაანაცვლოს, ამ დროს კი სააკაშვილი ძალიან არაადეკვატურია, გადაწყვეტილებებს ერთი მეორის მიყოლებით ცვლის, ახლა უკრაინაზე აკეთებს აქცენტს. გუნდი შეთანხმდა იმაზე, რომ რეალურად სამოქმედო გეგმა უბრალო არ არსებობს და გადაწყვეტილებებს სპონტანურად იღებენ. ამ ტაქტიკამ კი არ გაამართლა. ამიტომ, ახლა ნაციონალები სამოქმედო გეგმაზე ფიქრობენ და როცა მიიღებენ გადაწყვეტილებას, მას შემდეგ დაიწყებენ მოქმედებას. პრაქტიკულად ნულის ტოლია იმის შანსი, რომ სანდრას მიერ დაანონსებული საპროტესტო მუხტის აგორება განხორციელდეს, რადგან ამის სურვილი გუნდში სანდრას გარდა არავის აქვს, – გვეუბნება ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერი.

გუნდში მწვავედ დადგა შემოერთებული პარტიების ბედიც. პრაქტიკამ აჩვენა, რომ თითო უბანზე 50-მა დამკვირვებელმა ვერაფერი შეცვალა. არადა, ამდენი დამკვირვებელი ნაციონალებს სწორედ იმის გამო ერგოთ, რომ კიდევ 10 პარტიასთან ერთად არიან გაერთიანებული. შედეგად, ნაციონალებმა ამ დამკვირვებლებისგან ხარჯის მეტი ვერაფერი მიიღეს, რადგან მათი ტრანსპორტირება, დაბინავება, კვება, ჯიბის ფულის გადახდა 100 ათას ლარზე მეტი დაჯდა, მაგრამ შედეგი იყო ნული. პარტიების რეიტინგის გათვალისწინებით, ნაციონალებს არც ხმების დიდი რაოდენობის იმედი აქვთ და აქტიურად მსჯელობენ იმაზე, რომ გაერთიანებული ოპოზიცია დაიშალოს და ნაციონალები არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდნენ. ასეთ შემთხვევაში, მათ მთლიანობაში, შესაძლოა, 1-2 პროცენტი მოაკლდეთ, რაც დიდი დანაკარგი არ იქნება. სამაგიეროდ, ფინანსურად ეს დაშლა ნაცებისთვის ძალიან მომგებიანი იქნება.

გაერთიანებულ ოპოზიციაში მყოფი 10 პარტიის ლიდერი ხვდება, რომ ისინი შესაძლოა უბრალოდ მოისროლონ, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნებში მათ მონაწილეობას აზრი არ ექნება. ყველა პარტიას ერთად 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდება. ამიტომ, მაქსიმალურად ცდილობენ ნაცებს საკუთარი საჭიროება დაანახონ, მაგრამ ამ საქმიდან შუალედურ არჩევნებზე არაფერი გამოვიდა. ეგ კი არა და, კონკრეტულმა პარტიებმა 50 კაციც ვერ იშოვეს, დამკვირვებლებად რომ გაემწესებინათ. არ გაამართლა არც იმ მიდგომამ, რომ მაგალითად მარნეულში გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა პარტიებმა ქართველი კანდიდატები დააყენეს, აქაოდა, სამთავრობო კანდიდატს ხმებს წაართმევენო. შედეგად, არჩევნებზე მოსული ლამის 40 ათასი კაციდან, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებს საერთო ჯამი 200-მა კაცმაც არ დაუჭირა მხარი. ყველაზე საინტერესო მაინც ედპ-ს კანდიდატის ხმები იყო – მას 90 უბანზე სულ 3 ხმა ერგო. იმავე ედპ-ს კანდიდატმა ხულოში მთლიანობაში 1 (ერთი) ხმა მიიღო, ზესტაფონში – 13, ზუგდიდი – 28, ჭიათურაში – 20. ანუ, გამოვიდა, რომ არჩევნებზე მოსულ 200 ათასზე მეტ ამომრჩეველში, ედპ-მ აიღო 65 ხმა, რაც 0.03 პროცენტია, ანუ ზუსტად იგივე წარმატებით აიღებს ხმებს ნებისმიერი კარგი ქართველი, რომელსაც უბანში პატივს სცემენ. ანალოგიურ დღეში არიან სხვა პარტიებიც და ამიტომ, ნაციონალებს უწევთ გადაწყვეტილების მიღება – ან დაშალონ ზარ-ზეიმით შექმნილი კოალიცია, ან ათრიონ არაფრისმომცემი ხალხი. იმასაც გეტყვით, რომ დაშლის მომხმრეა მელია, მოწინააღმდეგე – ვაშაძე, – ამბობს ნაცმოს პოლიტიკური საბჭოს წევრი.

(“ალია”)

loading…



Loading…


მსგავსი სიახლეები