მენიუ დახურვა

რა წერია მოსამართლის განჩინებაში, რომელიც ნიკა გვარამიას ადვოკატს ჩაბარდა

ნიკა გვარამიას უფლებადამცველს საქალაქო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა. კანონმდებლობის მიხედვით, ადვოკატს მოსამართლის დადგენილების სააპელაციოში გასასაჩივრებლად 48 საათი აქვს.

დოკუმენტი 8-გვარდიანია. მოსამართლე კერატიშვილი განჩინებაში განმარტავს მიზეზებს, რის გამოც მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლე გიორგი კერატიშვილი ასევე წერს განჩინებაში, რომ არსებობს საფრთხე გვარამიას მხრიდან მოწმეებზე ზეწოლის განხორციელების.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ არსებობს რუსთავი2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიმალვის საფრთხეც.

თუმცა უფლებადამცველის განცხადებით, განჩინებაში არაფერია ნათქვამი თავად ნიკა გვარამიას პოზიციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ აპირებს დაკისრებული გირაოს გადახდას.

დიმიტრი საძაგლიშვილი პროცედურულად არსებულ არაერთ შეუსაბამობაზე ამახვილებს ყურადღებას.

პრინციპში, შაბლონური დასაბუთებით არის შემოფარგლული მოსამართლე. კერძოდ, ის აპელირებს იმაზე, რომ საქმეზე შესაძლოა დაკითხული იქნენ ის პირები, რომლებთანაც ნიკა გვარამიას ჰქონდა სამსახურეობრივი ურთიერთობა და ამიტომ არსებობს იმის რისკი, რომ მან შეიძლება ზეწოლა მოახდინოს მათზე, რათა მიაცემინოს მისთვის სასურველი ჩვენება და სასამართლომ ჩათვალა, რომ 40 ათასი ლარის გადახდით, ეს რისკი გამოირიცხება.

ამასთან, საუბარი არის მიმალვის რისკზე. ხაზგასმულია ის გარემოება, რომ ნიკა გვარამია ბოლო 2 წლის განმავლობაში 25-ჯერ არის ქვეყნიდან გასული და შემოსული. მართალია, იქვე სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რეალურად, ადრეც ყოფილა ნიკა გვარამიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, გარდა ამისა, დაბარებული იყო სხვა საქმეებზე და არც ერთხელ, მას არ ჰქონია არც მიმალვის მცდელობა, არც მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, თუმცა სასამართლომ არ ჩათვალა ეს საკმარის არგუმენტად რომ უარი ეთქვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე. განჩინებაში არაფერი არ არის ნათქვამი თავად ნიკა გვარამიას პოზიციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ აპირებს გირაოს გადახდას. ეს საკითხი მსჯელობის მიღმა დარჩა.” – აცხადებს დიტო საძაგლიშვილი.

გარდა ამისა, ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველი ამტკიცებს, რომ გვარამიას ბრალი პროკურატურამ ისე წარუდგინა, რომ მას საქმის მასალები შესწავლილი არ ჰქონდა.

Loading...

მსგავსი სიახლეები