მენიუ დახურვა

საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები

საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ ატოცთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების სამუშაოების დაწყებას გმობს. ამის შესახებ საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ უკანონო გადაწყვეტილებას და სამუშაოების დაწყებას ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

„რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ეს უკანონო ქმედება მიზნად ისახავს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და შემდგომ იზოლირებას დანარჩენი საქართველოსგან. საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელება კიდევ უფრო დაამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის პროვოკაციულ ნაბიჯებს და ქმედითი ზომები მიიღოს რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის საპირისპიროდ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ გააქტიურა ცხელი ხაზი, საქმის კურსში ჩააყენა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან“, – აცხადებენ უწყებაში და აღნიშნავენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებას  ყველა შესაბამის ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატებში დააყენებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

Loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.